პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილა

Primetime.ge 4 საათი წინ 10
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე ორი პირი - ნიკოლოზ გოგუაძე და ზაზა გვიმრაძე გამოჰკითხა.როგორც ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც 2011 წლის 11 მაისს „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა“ დააარსა, ძალოვანი სტრუქტურებიდან ორგანიზაციის წევრების მიმართ ფიზიკური განადგურების მუქარა დაიწყო.მისივე თქმით, მუქარის შემდეგ, ორგანიზაციის წევრებმა თავი ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს შეაფარეს, სადაც 26 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 24 პირი დააკავეს.ნიკოლოზ გოგუაძის განცხადებით, დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავა და სპეცრაზმიც, რამდენადაც მათ ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა.როგორც მან აღნიშნა, როგორც კი სასულიერო პირები დაკავებულებს გამოესარჩლნენ, სპეცრაზმმა ისინი სცემა.ნიკოლოზ გოგუაძის განცხადებით, დაკავებულებს როგორც სამონასტრო კომპლექსში, ასევე ქარელის პოლიციაში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში და გლდანის ციხეში სასტიკად გაუსწორდნენ და აწამეს.მისივე თქმით, პოლიციის მთავარ სამმართველოში წამებისა და ოჯახის წევრების გაუპატიურების მუქარის შემდეგ, დაკავებულებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა „აღიარეს“.„თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე, მაგალითად, „სკრეპის“ ამოსაღებით ხელზე ფრჩხილები დამატეხეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.როგორც მან აღნიშნა, დაკავებულებზე ასევე მიმდინარეობდა ზეწოლა ისეთი ცრუ ჩვენების მისაცემად, რომელიც მეუფე იობის დაკავების ან „გაშავების“ წინაპირობას შექმნიდა.ნიკოლოზ გოგუაძის განცხადებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალე გარდაიცვალა.ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე კომისას ახსნა-განმარტება მისცა ზაზა გვიმრაძემ.ზაზა გვიმრაძის თქმით, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულებისგან მოითხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას, თითქოსდა მეუფე იობი და საპატრიარქო მათ იარაღს აძლევდა, რომელიც 26 მაისს მომიტინგეების დასახმარებლად უნდა გამოეყენებინათ.ზაზა გვიმრაძის განცხადებით, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გლდანის ციხეში შესვლის დროს ყურადღებას არ აქცევდა პატიმრების ცემისა და წამების ფაქტებს, ხოლო მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დაინიშნა ციხეში კამერების ჩანაწერები განადგურდა.როგორც მან აღნიშნა, ციხეში ცემისა და წამების შედეგად მიღებულ ჯანმრთელობის დაზიანებებს დღესაც მკურნალობს.„ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა უნდა აღდგეს და საქართველოში ასეთი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სისასტიკის ფაქტები არასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ოთხშაბათს, 11 ივნისს გაიმართება.
სრულად წაიკითხეთ სტატია