21 წლის მათე დევიძე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 ნოემბერს განაცხადა. ახალგაზრდას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, დევიძემ 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. „კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა“, – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დევიძე პოლიციელებს გაურბის. ასევე ჩანს, როგორ უქნევს ის ჯოხს ერთ-ერთ მათგანს გაქცევისას. მაგრამ გაურკვეველია მოხვდა ჯოხი ან დაშავდა თუ არა პოლიციელი, რადგან დევიძის დევნა გრძელდება.
19 ნოემბერს პოლიციამ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აპროტესტებდნენ. დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი პოლიციასა და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს შორის.
ასევე წაიკითხეთ: