„ჩემი ხმა“ცესკოს გაყალბების სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებს

Civil Georgia 1 თვე წინ 17
„ჩემი ხმა“ცესკოს გაყალბების სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ მოუწოდებს პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი გაყალბების სქემაში იყვნენ ჩართულნი.

4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ, ასევე ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა არჩევნების გაყალბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ მათ დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას ეხება.

მისია აცხადებს, რომ ცესკომ არ უზრუნველყო ხმის ფარულობის დაცვა, ვინაიდან ბიულეტენზე შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. „ცესკოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ/ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას მაშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩეველის ნება როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით“, – აცხადებს მისია. სავარაუდო გაყალბების სქემა მოიცავდა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევას არჩევნებამდე, სხვისი პირადობის მოწმობითა და სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემას, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ასევე მრავალჯერადი ხმის მიცემის შემთხვევებს.

თოლორაიას თქმით, „ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ, გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება“.

მისიის თქმით,  საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე, რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი მაღალი იყო, ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც „რისკის ქვეშ დააყენა მთლიანად საარჩევნო პროცესი – ბევრმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, ასევე, საფრთხე შეექმნა ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობას“.  

თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ მედიით ვავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, NTV-ს მიერ აკრედიტირებულ რუს პროპაგანდისტ, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დამრღვევ ალექსანდრ მალკევიჩზე, რომელიც ძებნილია აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით.

მისიის თქმით, „არჩევნების ასეთი მასშტაბური გაყალბების სქემაში ცესკო იყო ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ჩართული სახელმწიფო უწყება“. მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისია სხვა მიმართულებებითაც აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია