„ქართულმა ოცნებამ“ კობახიძის მთავრობა ერთხმად დაამტკიცა

Civil Georgia 3 კვირის წინ 7
„ქართულმა ოცნებამ“ კობახიძის მთავრობა ერთხმად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 28 ნოემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მონაწილეობით, 84 ხმით ნულის წინააღმდეგ, ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. სამმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატებზე, ხოლო მეოთხე პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს, რითაც მის ლეგიტიმურობას არ ცნობს. სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის სარჩელმა არჩევნების კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დააყენა და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტს მუშაობის დაწყების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტი მაინც შეიკრიბა მხოლოდ ერთი პარტიის – „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.

სამთავრობო პროგრამის „მხოლოდ  მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარდგენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თავისი მთავრობა წარუდგინა. ქვემოთ მოცემულია ახალი მინისტრების ჩამონათვალი:

  • ლევან დავითაშვილი – პირველი ვიცე-პრემიერი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • ლაშა ხუციშვილი – ფინანსთა მინისტრი;
  • დავით სონღულაშვილი – გარემოს დაცვის მინისტრი;
  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ირაკლი ჩიქოვანი – ვიცე-პრემიერი; თავდაცვის მინისტრი;
  • ანრი ოხანაშვილი – იუსტიციის მინისტრი;
  • თეა ახვლედიანი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • ალექსანდრე წულაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • თინათინ რუხაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრი [სპორტის სამინისტრო მალე გამოიყოფა];
  • შალვა გოგოლაძე – [მომავალი] სპორტის მინისტრი;
  • მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის სამი წევრი ახალია. ესენი არიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები. სხვები, როგორიცაა განათლების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის მინისტრები, ბოლო კვირებსა და თვეებში დაინიშნენ. „ჩვენ გვყავს ნამდვილი „ტოპ ტვინები“ სამთავრობო გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ და ეს არის ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაური. ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანია ღირსებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და, მათ შორის, ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება, და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა კობახიძემ. „ღირსება არის უპირველესი და მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა „რთულია“ და რომ ევროკავშირს თავისი პირობები აქვს. „ბუნებრივია, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აქ გადის ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება ისევ და ისევ.“

თუმცა, ამავე საკითხზე მან განაცხადა, რომ „ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციული ფასეულობები. როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე… აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. იგი ასევე გამოეხმაურა რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც მოთხოვნილი იყო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება. „ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია