საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევენ. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა 26 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 80 ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღო. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და იგი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს მოიწვია იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ორი სარჩელია შეტანილი, მათ შორის ერთი პრეზიდენტის მიერ.
მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. მისი უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შევა პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და ადგილობრივი ხელისუფლების 109 წევრი. საარჩევნო კოლეგიის წევრები 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად შეიკრიბებიან. არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს. ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმურობას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები ეჭვქვეშ აყენებენ, და შესაბამისი საჩივარი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მოლოდინშია, ასევე იმ ფონზე, როცა ცესკოს რეპუტაცია არჩევნების დროს გამოვლენილი უამრავი დარღვევის გამო შეილახა, ჩნდება კითხვები ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ამბობენ ექსპერტები.
საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების არანაკლებ ორი მესამედი უნდა მიიღოს იმისათვის, რომ პირველივე ტურში არჩეულად ჩაითვალოს. თუ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩევა, იმართება მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი იმარჯვებს. პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს მეორე ტურის თარიღს. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, იგი თარიღს იმავე დღეს დანიშნავს.
პრეზიდენტის ინსტიტუტი განიხილება როგორც უკანასკნელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არ არის მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და მის სამსახურში.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება კანდიდატის შერჩევას, რომელიც პარტიის კონტროლის ქვეშ დარჩება. „პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება… მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. მან ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა გამორიცხა. ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მმართველი პარტიის ამჟამინდელ ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, კონსტანტინე გამსახურდიას წარადგენს. თუმცა, დღეს მდინარაძემ ორივე კანდიდატურა უარყო.