24 ნოემბერს რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობა, კულტურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა და ქალთა მარში და პერფორმანსი. მსვლელობა და პერფორმანსი სახელწოდებით „ბიძინა წადი, ჩვენ ვრჩებით“ 24 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გაიმართა, რა დროსაც აქტივისტები და პოლიტიკოსები ჩემოდნებით თავისუფლების მოედნიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ გაემართნენ.
მსვლელობის მონაწილეთა მთავარი წუხილი ემიგრაციის თემას ეხებოდა, რომელიც ყველაზე მწვავედ ქართველ ქალებს შეეხო. ისინი შიშობენ, რომ ეს პრობლემა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ცვლილების პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება.
მასშტაბური აქცია 21:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ დაუშვან 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა, რომელიც, მათი თქმით, არალეგიტიმურია დაა „მოპარული არჩევნების“ შედეგს წარმოადგენს.