რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის შეჩერებაზე უარი თქვა.
კერძოდ, 16 მედია ორგანიზაცია, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და 4 პირი ერთობლივ საჩივარს შეიტანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, განაცხადა 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.
„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, და ა. შ.“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.
„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მან განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციული კანონის შეჩერებაზე უარით საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს, და დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრძოლა კანონის წინააღმდეგ გრძელდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის წინააღმდეგ სარჩელები არსებით განხილვაში მიიღო, თუმცა კანონის შეჩერებაზე უარი თქმა, რადგან, მისი თქმით, კანონის მოქმედებას გამოუსწორებელი ზიანი არ მოაქვს.
ასევე წაიკითხეთ: