უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ხმები მოიპარა

Civil Georgia 1 თვე წინ 18
უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ხმები მოიპარა

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხმები მოიპარეს და პროკურატურას სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა, არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია“, – განაცხადა მდინარაძემ 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. „მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს – „ქართული ოცნების“ ხმებს“.

მდინარაძის თქმით, მას აქვს კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ მოიპარა „ნაციონალური მოძრაობის კლასტერმა“ მმართველი პარტიის ხმები. „გვაქვს 81  დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რომ ამ ქვეყანაში, ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულების ჩადენა“, – განაცხადა მან.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტიის ამომრჩევლები დაარეგისტრირეს შორეულ საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად. მდინარაძემ რამდენიმე ამომრჩეველი დაასახელა, რომლებმაც, მისი თქმით, ცვლილება მხოლოდ უბნებზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს და ახალ, ხშირად შორეულ ადგილებში დროულად მოხვედრა ვერ მოახერხეს. „ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, რომ გამოიძიონ ეს საკითხები… საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. 162-ე მუხლია სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსში“.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა, რომლებიც არჩევნების დღეს გადასატან ყუთთან მუშაობდნენ,  „როდესაც მათ აიღეს ეჭვი, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა“.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხალხს აძლევდნენ ფულს ხმის მიცემის დაპირების სანაცვლოდ, თუმცა, მისი თქმით, მმართველ პარტიას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მომავალში დეტალურად განიხილავს.

„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ და პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსის  162-ე მუხლით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია