17 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ და ოპოზიციური კოალიციების მიერ ორგანიზებული აქცია „დაიბრუნე შენი ხმა“ გაიმართა. პარალელურად, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კარვები გაშალა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იქ 24 საათის განმავლობაში დარჩებოდნენ.
ყველაფერი ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო რამდენიმე პარალელური მსვლელობით: ერთი ვაკის პარკიდან, რომელსაც ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ხელმძღვანელობდა, მეორე მარჯანიშვილის მეტროდან, რომელიც ორგანიზებული იყო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიერ და სტუდენტური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირიდან. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ გაემართდნენ, რა დროსაც გამზირი კვლავ გადაიკეტა.
რუსთაველის გამზირზე გამომსვლელებს შორის იყვნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლები, რომლებმაც შეკრებილებს არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როდესაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუახლოვდა, მისი ლიდერები ჭავჭავაძის გამზირზე შეჩერდნენ და განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში დარჩებოდნენ.
აქტივისტებმა მალევე უნივერსიტეტის მახლობლად კარვების გაშლა დაიწყეს. ვითარება მშვიდი იყო და კარვების გაშლის პროცესში პოლიცია არ ჩარეულა. საღამოს მოახლოებისას უნივერსიტეტის მახლობლად მყოფ ჯგუფს რუსთაველის გამზირიდან მომიტინგეები შეუერთდნენ.
დროდადრო ოპოზიციის ლიდერები შეკრებილებს სიტყვით მიმართავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თსუ-ის სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ხვალ ლექციები არ ჩატარდება.
16 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54%-ით გაიმარჯვა.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოიწვიოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ ცნობს ოფიციალურ შედეგებს და არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს, ამას გააკეთებს. იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი მაინც შეიკრიბება და პირველი სხდომის თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა. ოპოზიცია პირობას დებს, რომ არ შევა პარლამენტში და არ მისცემს მას ლეგიტიმაციას. ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარედ ყველაზე მასშტაბურ აქციას გამართავენ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.
ასევე წაიკითხეთ: