ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა

Civil Georgia 3 კვირის წინ 12
ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ „ძალიან სამწუხარო“, „ძალიან სავალალო“ და „გულსატკენია“. „ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ“, – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს 29 ნოემბერს.

ერთი დღით ადრე, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე „2028 წლამდე“.

ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, განაგრძოს თუ არა ევროინტეგრაცია და აღნიშნა, რომ „ის, რაც გუშინ მოხდა ეწინააღმდეგება საქართველოს წინა ხელისუფლებების პოლიტიკას… ასევე ეწინააღმდეგება ქართველების უმეტესობის ნებას“.

„ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მან და სინანული გამოთქვა საქართველოს უკუსვლაზე ევროპულ გზაზე.

„ჩვენ ველოდით არჩევნებს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებდით, რომ არჩევნები ახალ იმპულსს შესძენდა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს […] სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები […] და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მომდევნო ოთხი წლით, ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მან.

ელჩმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ევროკავშირის შესაძლო სანქციების შესახებ. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა საქართველოზე კვლავ იმსჯელებს 16 დეკემბერს და ყველა ვარიანტს განიხილავს.

ქართული ოცნება“ ელჩს „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია: „სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია