გერმანიის საელჩო ბერლინის კედლის დაცემის წლისთავზე: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“

Civil Georgia 1 თვე წინ 14
გერმანიის საელჩო ბერლინის კედლის დაცემის წლისთავზე: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“

თბილისში გერმანიის საელჩომ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ  „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ და ამის მაგალითად 35 წლის წინ, 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემა მოიყვანა. საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ „თავისუფლება თავისთავადად არ მოდის“.

ბერლინის კედლის დაცემა პირველი ნაბიჯი იყო გერმანიის გაერთიანებისაკენ და მნიშვნელოვანი ეტაპი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის დაცემის პროცესში. საელჩომ განაცხადა: „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას“.

„ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა საელჩომ.

განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც სულ უფრო ავტორიტარული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაერთ განცხადებას აკეთებს სავარაუდო რევოლუციის გეგმებზე, რაშიც ის „რადიკალურ ოპოზიციას“ და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ადანაშაულებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია