ამერიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, მოუწოდა სირიის ახალ ხელმძღვანელობას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უილსონმა განაცხადა, რომ მან თებერვალში მოუწოდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შიბანის, გაეუქმებინა ასადის რეჟიმის „არასწორი გადაწყვეტილება“ და ორივე ტერიტორია საქართველოს ნაწილად ეღიარებინა. „ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი სიძლიერისა და ერთგულების გამოხატულება იქნება“, – წერს უილსონი.
31 იანვარს, საქართველოს ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა სირიის ხელისუფლების სახელზე, სადაც მოუწოდა ქვეყნის ახალ ლიდერს აჰმედ ალ შარაას, გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მიმართვას ხელს აწერდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, „გახარია – საქართველოსთვის“, და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
ოპოზიციური პარტიები მიესალმნენ ბაშარ ალ-ასადის დიქტატურის დამხობას და სირიაში ხელისუფლების ცვლილებას. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებს ორმხრივ ურთიერთობებში.
დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთთან ერთად მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ასადის სირიამ.
რესპუბლიკელი კონგრესმენის მოწოდება აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე გაკეთდა. 2025 წლის 14 მაისს პრეზიდენტი ტრამპი სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას სანქციებს მოუხსნის.
ასევე წაიკითხეთ: