ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 17 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 1 768 816, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 50.6%-ს შეადგენს.
ეს დაახლოებით 5 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის არჩევნების 17:00 საათზე, რომელმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, საბოლოო აქტივობამ კი 56.11%.
დღევანდელ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში 3 111 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება 3 508 294 საქართველოს მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურება და ძირითადად ელექტრონული ხმის მიცემის წინასწარი ოფიციალური შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ცესკო საბოლოო შედეგების გამოცხადებას 27 ოქტომბრის დილით, ყველა ბიულეტენის ხელით ხელახალი დათვლის შემდეგ გეგმავს.