ვახტანგ გომელაურმა 28 მაისს განაცხადა, რომ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს.
გავრცელებულ განცხადებაში გომელაურმა გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისთვის „არ იყო იოლი მისაღები“. „რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს“. თუმცა, მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში „მშვიდი ვითარებაა“, თანამდებობის დატოვებისთვის შესაფერისი დროა და „გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო“.
გომელაურმა მადლიერება გამოხატა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და განაცხადა, რომ მის მიერ „გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში“.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს და „თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში“.
გომელაური შს მინისტრის თანამდებობას ათ წელზე მეტია იკავებდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული პოლიცია ფართო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო, განსაკუთრებით 2023 და 2024 წლებში ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმართული აქციების, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი მიმდინარე დემონსტრაციების დროს. უფლებადამცველმა ჯგუფებმა პოლიციის სისასტიკისა და მომიტინგეების წინააღმდეგ წამების ასობით შემთხვევა დააფიქსირეს.
გომელაური ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის მიერ სანქცირებული.
ასევე წაიკითხეთ: