„ყველანაირი კვლევით დასტურდება, რომ მიმდინარე წელსაც და მომდევნო წელსაც ჩასაბარებელი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია“ – ბესო ორთოიძე

News.ge 14 საათი წინ 3
„ყველანაირი კვლევით დასტურდება, რომ მიმდინარე წელსაც და მომდევნო წელსაც ჩასაბარებელი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია“ – ბესო ორთოიძე

უძრავი ქონების ფასების ზრდა მხოლოდ მოთხოვნის ზრდაზე ან შემცირებაზე არ არის დამოკიდებული. ბინების გაძვირების რეალური მიზეზი მშენებლობის თვითღირებულებაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლების ტემპით აღარ იზრდება, კვლავ არ იკლებს, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ინტერვიუში
,,არსის” გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, გასაყიდად გამზადებული ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია და ახლა უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირება კრიზისს გამოიწვევს.
„ბევრი უძრავ ქონებაზე ფასის ზრდას მაღალ მოთხოვნას უკავშირებს, მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის პირველ წლებში ბინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო, თუმცა უძრავი ქონების ფასი თვითღირებულების ზრდის გამო იცვლება და მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. ეს თვითღირებულება 2022-2023 წლებივით არ იზრდება, მაგრამ ცალსახად არც მცირდება. დღეს ბაზარზე არ არის ის სიტუაცია, რომ მოთხოვნის შემცირების გამო უძრავი ქონების ფასი შემცირდეს. სტატისტიკას რომ შევხედოთ, ჩანს, რომ მოთხოვნის მხრივ I კვარტალში გარკვეული შემცირება გვაქვს, თუ ამას ფასების შემცირებას მოჰყვება, ეს უკვე კრიზისის დასაწყისი იქნება.
ყველანაირი კვლევით დასტურდება, რომ მიმდინარე წელსაც და მომდევნო წელსაც ჩასაბარებელი უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი გაყიდულია; ანუ საუბარი გვაქვს 2026-2027 წელს ჩასაბარებელი უძრავი ქონების ფასების შემცირებაზე, როცა ქვეყანაში მშენებლობის თვითღირებულება სტაბილური არ არის. ასევე, რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორ გაიზრდება სამშენებლო მასალების ღირებულება და დასაქმებულთა ხელფასები, ამიტომაც უძრავი ქონების ფასის შემცირება საკმაოდ სახიფათოა. რისკი ნაკლებია მაშინ, თუ დეველოპერი უკვე დასრულებულ შენობას აიაფებს, მაგრამ თუ მშენებლობის ეტაპზეა უძრავი ქონება და მისი გაიაფება უწევთ, აქ რისკები კიდე უფრო იზრდება“,- აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია