საშუალო და დაბალი ფენის ოჯახის შემოსავლების 80% საკვებზე იხარჯება – ინფლაცია დაბალშემოსავლიან ფენას ურტყამს

News.ge 4 საათი წინ 7
საშუალო და დაბალი ფენის ოჯახის შემოსავლების 80% საკვებზე იხარჯება – ინფლაცია დაბალშემოსავლიან ფენას ურტყამს

ინფლაცია მატულობს, განსაკუთრებით სურსათის მიმართულებით, სადაც ორნიშნა მაჩვენებელია და მოსახლეობის დაბალ და საშუალო ფენას პრობლემას უქმნის. როგორც ცნობილია, ფასები მატულობს ადგილობრივ პროდუქტზეც, განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული, რაც მოქალაქეების ხელმოკლე ფენაზე მძიმედ აისახება.
“საქსტატის” თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა. სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით მატებამ იქონია. რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, იქ ფასები წლიურად 9.5%-ით გაიზარდა.
სპეციალისტების შეფასებით, სურსათის ჯგუფში ორნიშნა მაჩვენებელი მთავრობის და მოსახლეობისთვის დიდი გამოწვევაა. ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია 4.3%-ია, სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა სახეზეა: ბოსტნეული 25.5%-ით გაძვირდა და ზეთი და ცხიმი – 17%-ით. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ამას გაცილებით მძიმედ გრძნობს, რადგან მათი ძირითადი ხარჯი სწორედ საკვებზე მოდის.
,,მიუხედავად იმისა, რომ გასული წლიდან ინფლაცია მზარდია, მაღალი მაინც არ არის და 4.3%-ია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა – სასურსათო ინფლაცია ყოველთვის გაცილებით მაღალია (10.4%) და იმ სურსათშიც მაგალითად ბოსტნეული გაძვირებულია 25.5%-ით და ზეთი და ცხიმი – 17%-ით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში სურსათს უჭირავს ძირითადი წილი. შესაბამისად მათთვის ინფლაციის წნეხი გაცილებით მაღალია”,- განუცხადა ბერიკაშვილმა ,,კომერსანტს”.
სპეციალისტები ერთადერთ გამოსავლად დასაქმების დონის გაუმჯობესებას მიიჩნევენ, რისთვისაც ეკონომიკური პროექტების განხორციელებას დიდი როლი აკისრია. “ეკონომიკური ტრასფორმაციის ცენტრის” დირექტორის რამაზ გერლიანის ინფორმაციით, მინიმუმ 60%-ს აღწევს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შემოსავლების ძირითად ნაწილს საკვებში ხარჯავენ.
,,საზოგადოებაში დიდი სოციალური უთანასწორობაა. საკვებში ოჯახის შემოსავლების 80-90% იხარჯება. შესაბამისად, როცა სურსათის წილი ინფლაციაში ორნიშნა მაჩვენებელზეა, ეს დიდი პრობლემაა, ანუ ინფლაციის საერთო დონეს სწორედ სურსათი ზრდის, რამაც დიდ დაბრკოლებას უქმნის მოსახლეობას. სასურსათო ინფლაციას საშუალო ფენისა და ღარიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სურსათის წილი ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ერთადერთი გამოსავალია, რომ მოსახლეობის საოჯახო შემოსავლების ზრდის ტემპი ინფლაციის ტემპს მნიშვნელოვნად აჭარბებდეს.
როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ცხადია, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ პრობლემა მოგვარდეს. ძირითადად ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რაც დასაქმებაზე დადებითად იმოქმედებს. შემოსავლები მოიმატებს და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება. გამოწვევის წინაშე დღეს მოსახლეობის უმეტესობაა. მოქალაქეების მინიმუმ 60% მაინც, ამ მდგომარეობაშია.
ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას პროფესიულ განვითარებაზე, რომ დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს. ერთია ბაზრის მოთხოვნა, როცა დასაქმების კუთხით ხალხს პრობლემა აქვს, მაგრამ მეორეა მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ბიზნესს. ამ მხრივ გარკვეული შეუსაბამობაა. ეკონომიკაში კადრების დეფიციტი, ძირითადად, ამ გარემოებით არის განპირობებული“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
ეკონომისტების ნაწილი აქცენტს შრომის ბაზრის სწორ სტრუქტურირებასა და მცირე ბიზნესის განვითარებაზე აკეთებს, რაც მუშახელზე მოთხოვნას გაზრდის და დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განმარტავს, შემოსავლების ზრდა ვერ მოხერხდება და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა დაბალ დონეზე დარჩება.
,,საქართველომ შეძლო ინფლაციის ტემპის შემცირება, ამ მხრივ სერიოზული გაუმჯობესებაა და ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, მაგრამ მეორე მხარეა, რომ მოსახლეობა სოციალური დილემის წინაშეა. შემოსავლების დიდი ნაწილი საკვებსა და მედიკამენტებში იხარჯება, არადა სწორედ ეს პროდუქცია ძვირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობას უჭირს.
პირველ რიგში, ეკონომიკური პროექტები უნდა განხორციელდეს და ბიზნესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესი მაქვს მხედველობაში. ჩვენს შემთხვევაში, საპირისპირო მოცემულობა და მონოპოლიების ხელშეწყობაა. ისეთი სისტემაა, სადაც მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს. არსებული სისტემით სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია.
ჩვენ მძიმე ბიზნესგარემო გვაქვს და ვერ ვითარდება ახალი საწარმოები. აბა, როგორ უნდა იარსებოს ბიზნესმა იქ, სადაც ფინანსების მოძიების ერთადერთი წყარო კომერციული ბანკებია? სესხებზე ძალიან მაღალი პროცენტებია. არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ სოციალური კეთილდღეობა გაუმჯობესდეს, მოსახლეობამ შეღავათი იგრძნოს და სურსათის ხარჯი შემსუბუქდეს, მანამდე ამ მდგომარეობას არ ეშველება, მუდმივად გვექნება შემოსავლების დეფიციტი, ღარიბი ფენა ვერ გაძლიერდება და ინფლაციაზე წნეხი მუდმივად შენარჩუნდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ამარტივებს. ასეთია სესხის თანამონაწილეობა, სუბსიდირება, პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი” და სხვა. ზოგადად დიდი ძვრებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არის ბევრი ინიციატივა, თუმცა მაინც არასაკმარისია და მხოლოდ ამ ნაბიჯების გადადგმით ქვეყანა არსებულ გამოწვევას ვერ ერევა”, – აღნიშნა ბაირახტარმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოში ეკონომიკურ ზრდა 6%-იან დონეზე მოელის, ასეთივე ან უფრო მაღალია ადგილობრივი ორგანიზაციების პროგნოზიც. თუმცა დიდი გამოწვევაა ინფლაცია, რომელიც სამიზმე მაჩვენებელს უკვე გადასცდა და წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს. ეკონომიკური ზრდის სიკეთე ინფლაციამ შეიძლება მთლიანად გაანეიტრალოს.
resonancedaily.com

სრულად წაიკითხეთ სტატია