„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ „პარტიის საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“. მდინარაძის თქმით, „ქვეყნის წინაშე საერთო მტრული მიზნით მოქმედი პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას“ და ამ მიზნით, მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა ნაციონალური მოძრაობა და „მისი სატელიტი პარტიები“ არაკონსტიტუციურად ცნოს.
27 მარტს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა: „შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო“. მან ასევე განაცხადა: „უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.
ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს აკრძალოს პარტიები, რომლებიც „ქვეყნის წინაშე საერთო მტრული მიზნით მოქმედებენ“.
კანონის პოტენციურ სამიზნეებად მან ოთხი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა დაასახელა, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს. მდინარაძის თქმით, ისინი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ქმნიან, რომლის წევრებსაც, მისი თქმით, აღარ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ რომელიმე არჩევნებში.
ამ გადაწყვეტილების გარეშე, განაგრძო მან, „შეუძლებელია გაჩნდეს რეალური, საქმეზე, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით“.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სავარაუდო სისტემურ დანაშაულებს იძიებს, გაფართოვდება. „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმის გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, რომ დაამხონ, ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება“, – განაცხადა მდინარაძემ. „2012 წლის შემდეგაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და რეაგირებას საჭიროებს“.
2024 წლის სექტემბერში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და „უცხო ქვეყნებიდან ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის“ დასრულება დააანონსა. ივანიშვილის თქმით, ასეთი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და მისი კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/03/2025 – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს
- 25/02/2025 – „ქართული ოცნება“ მაუწყებლებისთვის უცხოურ დაფინანსებას კრძალავს და მაუწყებლობის წესებს ადგენს
- 16/07/2024 – “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილმა “გლობალური ომის პარტიის” კონსპირაციაზე საუბრით გახსნა
- 29/04/2024 – ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკას ემხრობა და რეპრესიებით იმუქრება