სხვადასხვა პლატფორმაზე გადანაწილებაზე უარის თქმის შემდეგ, „რეალური სივრცის“ თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

Civil Georgia 2 კვირის წინ 3
სხვადასხვა პლატფორმაზე გადანაწილებაზე უარის თქმის შემდეგ, „რეალური სივრცის“ თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა გადაცემა „რეალური სივრცის“ პროდიუსერი, რედაქტორი და რამდენიმე ჟურნალისტი მას შემდეგ, რაც მათ სხვადასხვა პლატფორმაზე გადანაწილებაზე უარი განაცხადეს და ამის მოტივად სარედაქციო თავისუფლებისა და გადაცემის დახურვის თაობაზე არსებული წუხილები დაასახელეს.

გადაცემის პროდიუსერი ქეთი კაპანაძე, რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, თანაწამყვანი სოსო კაციტაძე და ჟურნალისტები თამარ მშვენიერაძე და ომარ წოწორია 13 მაისს ოფიციალურად გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. გუნდის ინფორმაციით, ისინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უარი თქვეს მენეჯმენტის შემოთავაზებაზე სხვა პლატფორმებზე ემუშავათ და „რეალურ სივრცისგან“ განსხვავებული მოვალეობები შეესრულებინათ.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაუწყებლის მენეჯმენტის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც გუნდს ოფიციალურად აცნობა, რომ გადაცემა მიმდინარე პროექტის ვადის გასვლის შემდეგ აღარ განახლდებოდა, შოუს წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გამო. ზაუტაშივლი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კრიტიკითაა ცნობილი, სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს. მასთან ერთად ასევე გაათავისუფლეს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. თავის შეთავაზებაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი გუნდის დარჩენილ წევრებს მაუწყებელში სხვა საქმიანობას სთავაზობდა, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, სარეკლამო კონტენტში, ვებ განყოფილებასა და მუსიკალურ პროგრამებში დასაქმებას.

5 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, გუნდის დარჩენილმა წევრებმა დაგმეს 12 წლის გადაცემის დახურვა და საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის დახურვაში დაადანაშაულა: „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, კანცელარია, დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი- ნინო ზაუტაშვილი“.

გუნდმა ასევე განაცხადა, რომ მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა ამ არხზე მაყურებელს სიმართლე მიაწოდონ.

მიმდინარე კვირიდან „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე დაარქივებული პროგრამების განყოფილებაში გადავიდა. გადაცემის აღწერილობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელები ამოღებულია. სიაში რჩებიან მხოლოდ გურანდა გოგინაშვილი და მერი შიხაშვილი – ორი თანამშრომელი, რომლებიც ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და რომელთა კონტრაქტებიც ძალაში რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია