საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

Civil Georgia 9 თვის წინ 98
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებით, „ქართული ოცნება“ ხმების 54.23%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციურმა  პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საერთო ჯამში ხმების 37,44% მოიპოვეს. სანამ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას უარყოფს, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციები „მასშტაბურ“ გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ეუთო/ოდირი არჩევნების პირველ წინასწარ შეფასებას დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაასაჯაროვებს.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები არჩევნების შედეგებზე:

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი: „ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა კვლავ რუსულ წარსულში, იმის ნაცვლად, რომ გააძლიეროს თავისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცნობები დიდ შეშფოთებას იწვევს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქართულ ოცნებას“ ოფიციალური წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტურ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის უკეთესი მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს ყველას გააგონეს!“

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „გულთბილად გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალაა. ხმის მიცემით, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“.

ალექსეი პუშკოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი: „საქართველოში შეიძლება კვლავ იყოს არეულობა, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის მიერ „რეჟიმის შეცვლა“ საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით, უბრალოდ, ჩაიშალა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54%-ზე მეტით, აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. დასავლეთის გეგმა იყო, რომ საქართველოს თავის ნახევარკოლონიად ექცია, და მას ბედნიერ ინტეგრაციას ჰპირდებოდა ევროპული ერების მრავალგენდერულ და „არაბინარულ“ ოჯახში. თუმცა, ეს რატომღაც ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობას არ მოეწონა. ისინი არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის დემაგოგიამ მიიზიდა, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება სააკაშვილის ეპოქის რელიქვიას. სხვათა შორის, სააკაშვილიც ოცნებობდა ახალ პროდასავლურ რევოლუციაზე საქართველოში – და სად არის ის ახლა?“

გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „თბილისიდან გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, დაახლოებით 58%, სამოქალაქო აქტივობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 53% მიიღო, ასევე ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ის პროგნოზირები და ცივილიზებული იქნება. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის ინტერესებშია“.

მარკო მიკელსონი, ესტონეთის პარლამენტის წევრი: „საქართველოს არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება“.

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი: „ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მე მჯერა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება და მდგრადად განვითარდება მოძმე სომეხი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია