„ქართული ოცნების“ მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკა შეცვალა და მათთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამიდან ერთ წლამდე შეამცირა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი დადგენილება 2 აპრილს გამოქვეყნდა.
მთავრობის №255 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით იცვლება 2024 წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილება. მაშინ მთავრობამ უკრაინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად უვიზო რეჟიმი ორიდან სამ წლამდეგაახანგრძლივა.
ცვლილების მიუხედავად, დადგენილება გარდამავალ დებულებას შეიცავს, რომელიც უკრაინის იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში. ამ პირებს ქვეყანაში დარჩენის უფლება 2026 წლის 24 თებერვლამდე ექნებათ.
„უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე“, – ნათქვამია დადგენილებაში.
3 აპრილის მდგომარეობით, უკრაინის ოფიციალურ პირებს ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. 2022 წელს უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია, უკრაინაში მოხალისეების ჩარტერული რეისით გამგზავრებაზე უარისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიციის“ გამო. 2024 წლის დეკემბერში უკრაინამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და 19 სხვა ოფიციალურ პირს, რომლებიც „ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/04/2024 – საქართველომ უკრაინელებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა სამ წლამდე გაუზარდა
- 19/08/2024 – უკრაინელი დიპლომატის თქმით, კიევი თბილისისგან ურთიერთობების აღსადგენად პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის
- 27/02/2023 – უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ დარჩენას 2 წლის განმავლობაში შეძლებენ
- 24/02/2023 – „სოც. სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების პრობლემებზე საუბრობს