საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა ტელევიზიის წინ 23 დეკემბერს ხანმოკლე საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა მენეჯმენტისგან, ფილმების გაშვების ნაცვლად, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ამ საკითხზე ორჯერ მიმართეს მაუწყებლის ხელმძღვანელობას: ჯერ სიტყვიერი თხოვნით, რომელიც მაშინვე უარყვეს, მოგვიანებით კი ოფიციალური წერილით. თანამშრომლების თქმით, მენეჯმენტმა დღის საინფორმაციო გამოშვებების არარსებობის მთავარ მიზეზად „ტექნიკური საკითხები“ დაასახელა.
„ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს“, – აცხადებენ თანამშრომლები. „მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო“.
მაუწყებლის ჟურნალისტმა და წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა: „„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ“.
პროტესტი ხაზს უსვამს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ დაძაბულობას, რომელიც მოვლენების და განსაკუთრებით კრიტიკული მოვლენების დროული გაშუქების უზრუნველყოფაში მის როლს შეეხება. პროტესტის პირველი ტალღა 1 დეკემბერს დაიწყო, როდესაც მაუწყებელმა ვერ გააშუქა პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა.
იმ დღეებში უამრავმა მომიტინგემ გადაკეტა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მას შემდეგ, რაც 1 დეკემბრის საღამოს არხის ხელმძღვანელობამ მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. აქციის მონაწილეებმა არხის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა მოითხოვეს. მოქალაქეების პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო. კერძოდ, მაუწყებელმა მომდევნო დღეებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეთერი დაუთმო და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც ჩაწერა ინტერვიუ.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ფართოდ ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გავრცელებაში და ოპონენტებისთვის საეთერო დროის არ მიცემაში. მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. არხს ადრე უფლებადამცველები სერიოზულ მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ, რამდენიმე ჟურნალისტი კი ცენზურაზეც ალაპარაკდა.