26 მაისს საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 107-ე წლისთავს და დამოუკიდებლობის აღდგენის 34-ე წლისთავს აღნიშნავს. უცხო ქვეყნის ლიდერებმა, დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მილოცვები და კეთილი სურვილები გამოუგზავნეს.
„სამოქალაქო საქართველო“ საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს გთავაზობთ:
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. ამიტომ, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რასაც დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმები მოყვება. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები გამოძიებულ უნდა იქნას. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ხელახლა უნდა დაიწყოს ასე საჭირო „რეფორმების პროცესი“. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ჩამოერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.
სომხეთის ელჩი, აშოტ სმბატიანი: „გულითადად ვულოცავ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას! ჩვენს ორ ხალხს ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი სამშობლოს სიყვარული და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მოძმე საქართველოს და მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ! პატივისცემით, აშოტ სმბატიანი“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოს ქართველი ხალხის სახელზე გაგზავნილი წერილით მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ვიდეომიმართვის ფორმატში მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და განაცხადა: „დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენ გაქვთ საფუძველი იამაყოთ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ, საქართველო! წინ!“
ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა: „ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. და ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს!“
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობასა და ხალხს!“
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილები საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად!“
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი: „1918 წლის 26 მაისს, საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ თავისუფლებისთვის იბრძვის. დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდით ვდგავართ მის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში“.
გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ III: „საქართველოს ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მე და ჩემი მეუღლე მოხარულნი ვართ გულთბილად მოგილოცოთ ეს დღე. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით ქართველებს. ჩარლზ რ.“
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი: „ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო“.
ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი: „ლატვიის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და ყოველთვის უნდა იყოს დაცული. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ესტონეთი ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს გულწრფელად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ს. ჯაიშანკარი: „მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენი კავშირების გაღრმავებისკენ.“
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს“.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოვსკაია: „ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მისწრაფებებს. ბელარუსებმა და ქართველებმა იციან: თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო და ჩვენი მომავალი ევროპაშია. გილოცავ, საქართველო!“
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ვულოცავთ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ დგახართ ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!“
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
შვედეთის საელჩო თბილისში: „ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს“.
მასალა განახლდება..