სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

Alia 2 დღის წინ 21
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

პირველ რიგში, მე გეტყვი, როგორ უნდა ჩააბარო მარტივად, ამისთვის მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს – ცოდნა, სწორედ ესაა მარტივად ჩაბარების მთავარი პირობა. მახსოვს, მეცხრე კლასში ‘შუშანიკის წამების“ სწავლა რომ დავიწყე, ისე რთულად მეჩვენა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ დავძლევდი. მეცადინეობის შემდეგ, ისეთი მარტივი ჩანდა, ახლა ის მიკვირდა, რომ მერთულებოდა ცოტა ხნის წინ. 

რა არის ცოდნა? – შავმა კატამ გადამირბინა, დღეს ჩავიჭრები და მოდი, უკან მოვბრუნდები – ცოდნა არ არის. არც ისაა ცოდნა, აი, ერთხელ, ბავშვობაში, ბიძამ რომ მანქანის საჭესთან დაგსვა. მეც დამსვა ბიძაჩემმა. კი, ბატონო, სანამ პრაქტიკულ „მეცადინეობაზე“ გადავიდოდით, თეორიულად ამიხსნა, მერე მითხრა, მორჩა, ბიძი, შენ უკვე იცი ტარებაო და დამსვა, კიდევ კარგი, ცარიელი იყო გზა, რადგან ამასობაში გაირკვა, რომ ჯერ ზედმეტად მოკლე ვარ ასაკის გამო და ფეხის ბერკეტებს ვერ ვწვდები. სხვა ბიძები, ჩემი ასაკის ბავშვებს მუხლებზე ისვამდნენ და საჭის ტრიალის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ, ისიც მეთვალყურეობით, ბიძაჩემმა კი საჭესთან დამსვა მარტო და გვერდით ისე არხეინად მომიჯდა, თითქოს, ამწამს დავბრუნდი ფორმულა–1–ის რბოლიდან. თხრილში აღმოვჩნდით.

ცოდნა იქნებ სიბეჯითეა, აი, ბევრს კითხულობ და ბევრჯერ? – რა მაქვს ყველაზე ხშირად წაკითხული? – ალბათ, ფასდაკლება – sale – ყველაზე ხშირად ეგ სიტყვა მხვდება ბოლო დროს ქუჩებში. მეორე ადგილზეა – რა ღირს? – რომელიც სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად მხვდება. თუმცა, არც ფასები ვიცი და ვერც ნამდვილ ფასდაკლებას ვარჩევ ყალბისგან. 

ცოდნა პრაქტიკა იქნება, –კი. თუმცა, ამ შემთხვევაში არც ეგ გარგია, წარმოიდგინე, რამდენი ჯარიმა უნდა გადაიხადო, სანამ პრაქტიკით ისწავლი ქუჩებში მანქანის ტარებას. მაგალითად, ეს ქუჩა უკვე იცი რომ ცალმხრივია, მანდ უკვე გამოგიწერეს ჯარიმა, სკოლის წინ მაღალი სიჩქარით რომ არ უნდა გაიარო, ეგაც პრაქტიკაში ისწავლე, 3 ჯარიმის მერე და წარმოდგენაც არ მინდა, წრიული მოძრაობის სწავლა რამდენ ჯარიმად დაგიჯდება. პარკირებას რაც შეეხება, თბილისში მაგას პრაქტიკით ვერ ისწავლი, რამდენი ჯარიმაც უნდა გამოგიწერონ. სად უნდა ისწავლო, სად, რომელ ქუჩაზეა თბილისში, აბა, სწორად დაპარკინგებული მანქანები? ჯარიმები ჯარიმებად და მართვის მოწმობას ნამდვილად არავინ მოგცემს ნისიად, აი, მოგცემ და მოდი, პრაქტიკაში ისწავლეო, არავინ გეტყვის. 

ცოდნა ამ შემთხვევაში ორივე ერთადაა, თეორია და პრაქტიკა, თუმცა, არის კიდევ მესამე – ეს უნარ–ჩვევებია, თუ კარგი თეორიული ბაზა გაქვს, პრაქტიკაში, თუნდაც, ზუსტად იგივე არ შეგხვდეს, უკვე უნარ–ჩვევის დონეზე ისე ხარ მომზადებული, ალღოს ადვილად აუღებ. 

უცხოეთში მივდივარ და იქ ხომ არ სჯობს ავიღო მართვის მოწმობა?

არა! თუ რომელიმე ქვეყანაში აპირებ წასვლას, სჯობს მართვის მოწმობა საქართველოში აიღო. სანამ მოეწყობი, სანამ დალაგდები, სანამ სწავლის ფულს გადადებ, დრო გავა, არადა, მართვის მოწმობით, უკეთესი სამსახურის პოვნა შეგიძლია. მართვის გამოცდის ჩაბარება საქართველოში თითქმის ყველაზე იაფია. გარდა ფინანსებისა, მშობლიურ ენაზე აბარებ, ენის ბარიერის გამო არ დარდობ. ინგლისური რომც იცოდე, ფრანგი ან პოლონელი გამომცდელი სულ არაა იქაური კანონებით ვალდებული გამართული ინგლისურით გესაუბროს გამოცდაზე მის ქვეყანაში. მესამე ბონუსია აღიარება, საქართველოს გაცემული მართვის მოწმები არაერთ ევროპულ ქვეყანაშია აღიარებული. 

რა ასაკშია სწავლა უკეთესი?

ინდივიდუალურია, მაგალითად, ჩემი მეგობრისთვის იდეალურია თუ 44 წლის ასაკში ისწავლის, რადგან ჯერ ისევ არ აქვს მართვის მოწმობა. მოკლედ, მთავარია, ისწავლო დღეს და არ გადადო ხვალისთვის. ასაკის ზედა ზღვარი შეზღუდული არაა. 

უკვე საპენსიო ასაკში ხარ? – მით უმეტეს, ამაზე უკეთეს დროს გაიხალისო ცხოვრება, ადრენალინი დაამატო ყოველდღიურობას როდის ნახავ? 

თუ გაიფიქრე, რომ ადრენალინი ყოველ დღე სამსახურში თუ სახლში, მაღაზიაში თუ აფთიაქში ისედაც გყოფნის – მაშინ ეს კიდევ მეტად შენთვისაა, რადგან განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

რაც შეეხება ქვედა ზღვარს, კატეგორიების მიხედვით ცვლადია, თუმცა, ყველაზე დაბალი ასაკობრივი ზღვარი 16 წელია. 

ქალი და საჭე

იმათთვის, ვინც ამბობს, რომ ქალი იცის „კუხნაში“ ორი პასუხი აქვს ნამდვილ ქალს, ერთი, „კუხნაში“ დააპარკინგოს მანქანა და მეორე – „კუხნა“ გადაიტანოს საბარგულში. ცხადია, ეს ხუმრობით და საქართველოში ქალი საჭესთან მგონი არავის უკვირს. ცოტა ხნის წინ, ყველა იმ ქართველ გოგონაზე წერდა, რომელიც ამერიკაში სატვირთოს მართავს და ალბათ, ცოტას გაახსენდა „აბეზარა“, მხიარული, ენამწარე მძღოლი გოგო, ლია, რომლის როლსაც ლეილა აბაშიძე ასრულებდა 1956 წელს გადაღებულ ფილმში. 1956 წელს გადაღებულ ფილმში, ლეილა აბაშიძე თამაშობდა როლს ქალისას, რომლის სამსახური იყო მძღოლობა. რაღა დროს საჭესთან მჯდომი ქალის განხილვაა, კოსმოსში არიან ქალები ნამყოფნი. 

როდესმე გაგიგიათ ვინმეს ეთქვას, მოდი, ქალები არ წავიდნენ სურსათის საყიდლად მაღაზიაში, ეგენი უფრო ნელა ყიდულობენ და ამიტომ ჩვენ წავალთ, ჩვენ მოვიტანთ სადილისთვის პროდუქტებსო? ან ქალები კარადას ნელა ალაგებენ, ყველა ახალ კაბას ლამის თავიდან იზომებენ და მოდი, ჩვენ დავალაგოთო? – მე არ გამიგონია. რაც შეეხება ნელა ტარებას, ეგ მაინც ხასიათის ამბავი, მთავარია დაწესებულ ზღვარს არც გადააჭარბო, და არც დააკლო, მთავარი დროულად რეაგირება შეძლო საჭიროებების მიხედვით. ეს ბოლო საქართველოში განსაკუთრებულად საჭიროა. 

ჯგუფურად, თუ ინდივიდუალურად?

ორივეს აქვს თავისი დადებითი მხარე. თუ შენ გიჭირს კომუნიკაცია ადამიანებთან, ალბათ, ჯგუფთან ერთად მუშაობა დისკომფორტი იქნება. სამაგიეროდ, თეორიის ინდივიდუალურ გაკვეთილზე, მეტი კონცენტრაცია გჭირდება – რადგან სხვა, ვისთანაც იმ დროში პედაგოგს კომუნიკაცია ექნება, არავინაა. თუ შენ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა და კომუნიკაციის პრობლემაც არ გაქვს, ჯგუფთან ერთად, უფრო ხალისით ისწავლი, მხოლოდ ჯგუფური მუშაობისას შეგიძლია სხვის შეცდომებზე ისწავლო. თუ სწრაფად გსურს სწავლა, დაჩქარებული კურსით, მაშინ, ცხადია – ინდივიდუალური სჯობს.

ვინ უნდა გასწავლოს ავტომობილის მართვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები? 

დედ–მამამ? – თუ ავტოსკოლაში ასწავლიან, კი, ბატონო, ყველა სხვა შემთხვევაში ბევრად დიდი დრო დაგჭირდება სწავლისთვის მათთან, ვიდრე პროფესიონალთან.

რა ნიშნით უნდა აარჩიო პროფესიონალი?

სწორი კომუნიკაცია პირველი ნაბიჯია, ადამიანმა, ვინც უნდა გასწავლოს მინიმუმ ნდობა და პატივისცემა უნდა გამოიწვიოს. თეორიული კურსი კიდევ შეიძლება ნერვების და დისკომფორტის ფასად გაიარო პედაგოგთან, რომელთანაც თავისუფლად ვერ გრძნობ თავს, აი, პრაქტიკულ კურსს კი ვერ გაივლი სრულყოფილად, ნდობის გარეშე. 

სასურველია რამდენიმეს მაინც ესაუბრო, რომ მიხვდე, რომელთან უფრო გიადვილდება კომუნიკაცია. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, ყველა პროფესიონალი მცოდნეა, მაგრამ თითოეული თავისებურად გადმოგცემს ცოდნას, ისევე როგორც, ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ვიღებთ ცოდნას. მნიშვნელოვანია ცოდნის გაცემის და მიღების გზები იყოს თანხვედრაში. 

 სად უნდა იპოვო ერთდროულად რამდენიმე ავტოსკოლა, რომ მათგან შენთვის საუკეთესო პირობები შეარჩიო?

ამისთვის კარგი იქნებოდა ბაზა. აი, კატალოგი რომ იყოს, როგორც მაღაზიები არიგებენ ხოლმე ფასდაკლებების კატალოგებს, ოღონდ უფრო ხარისხიანად, რადგან ამ კატალოგზე ზოგჯერ ისეთი წვრილი შრიფტით წერია ტექსტი, კითხვა გიჭირს. მაგალითად, ტელეფონში, ან კომპიუტერში რომ იყოს ეს კატალოგი, ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, ნომრის ამოწერაც კი არ მოგიწევდა, მონიშნავდი და პირდაპირ გავიდოდა ზარი.

მინდოდა ეს იდეა დამეპატენტებია, წარმოვიდგინე როგორ კომფორტს მივაწვდიდი ადამიანებს, პირდაპირ ტელეფონით აარჩევდნენ მომსახურებებს, მათ შორის, ავტოსკოლებისას, როგორ გავხდებოდი ცნობილი, როგორ გავცემდი ინტერვიუებს და ლამის წითელი ხალიჩა გამოვიწერე, როცა ვნახე, რომ ასეთი კატალოგი უკვე არსებობს, შეუქმნიათ უკვე, ყველაფერი დასწრებაზეა ამ სამყაროში.

სამაგიეროდ, ნამდვილად ვერავინ დამასწრებს გითხრა, სადაა ეს კატალოგი და როგორ უნდა შეინახო – გაუგზავნე საკუთარ თავს სამჯერ და თუ გახსნი კიდეც და სასურველ ავტოსკოლას აარჩევ, თუ ბარემ ისწავლი და გამოცდაზეც გახვალ, მალე მართვის მოწმობაც გექნება და მოსალოდნელი სიხარულიც. მოულოდნელი სიხარული სტრესია, სტრესი ცუდია, მოსალოდნელი სიხარული სჯობს, დამიჯერე. 

(R)

The post სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ? appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია