
„საბაგირომ ქართველი მომხმარებლების რაოდენობა გაზარდა“, – ამის შესახებ BM.GE-სთან მთაწმინდის პარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ია თარხან-მოურავმა ტურისტული სეზონის შეფასებისას ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ახალი სეზონი უკვე გაიხსნა და კომპანია გეგმავს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მომხმარებლები სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით, ფესტივალებითა თუ აქტივობებით გაანებივროს.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე საბაგიროა, რაც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამან რა თქმა უნდა, მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა. განსაკუთრებით, ქართველი მომხმარებლების რიცხვი. ჩვენი დაკვირვებით, ქართველი მომხმარებლები ძირითადად საბაგიროთი სარგებლობენ, ხოლო უცხოელები ფუნიკულიორით.
საბაგიროს გახსნას ერთჯერადი ეფექტი არ ჰქონია და ნოემბრიდან დღემდე ქართველი მომხმარებლების სტატისტიკა მზარდია“, – ამბობს ია თარხან-მოურავი.
მთაწმინდის პარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის თქმით, მართალია უცხოელი მომხმარებლების სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა მათი დაკვირვებით, პარკს ბალტიისპირეთის, ასევე რუსულენოვანი, ბევრი ყაზახი და ებრაელი ტურისტი სტუმრობს. ამასთან, ცოტა ხნის წინ ობიექტს ინდოელი ტურისტების დიდი ჯგუფები ეწვია, რომლებიც დახურული ღონისძიების ფარგლებში სტუმრობდნენ.