
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი საწვავის, კერძოდ კი, ბენზინის ექსპორტის სრულად აკრძალვას გეგმავს, თუმცა, ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ საქართველოზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრენსიუსთან“ ამბობს, რუსული საწვავს ისედაც ფიქსირებული და თან საკმაოდ მაღალი ფასით ყიდიან, შესაბამისად, ეს ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ის ამბავი, რომ აგვისტოში რუსეთი საწვავის ექსპორტს აკრძალავს, დადასტურებული არ არის. მე ჩემი წყაროებით რაც მოვიკითხე, ეს მხოლოდ სიტყვიერად ითქვა და მსგავსი აკრძალვა მოსალოდნელი არ არის.
თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, მე ვფიქრობ, ჩვენთან ფასებზე გავლენას არ მოახდენს. იმიტომ, რომ ახლა რუსული და ევროპული საწვავის ფასი დიდად განსხვავებული არ არის.
2 მომენტია, დიდი ალბათობით ეს აკრძალვა არ იქნება, მაგრამ თუ იყო, ფასზე ეს არ მოახდენს გავლენას. ჩვენ მაინც „პლატსის“ ფასზე ვარ დამოკიდებული. თან, რუსები საწვავს მაინც ფიქსირებული და თან საკმაოდ მაღალი ფასით ყიდიან. მეტიც, ბოლო პერიოდში „პლატსის“ ფასზე მაღალია რუსული საწვავის ღირებულება“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტს სრულად 1-ლი აგვისტოდან 2 თვით აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით,„საკითხი გადაწყვეტილია. ჯერჯერობით აგვისტო-სექტემბრის პერიოდი სახელდება.“
კიდევ ერთი წყარო აკონკრეტებს, რომ აკრძალვა ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შევა, რაც შესაძლოა, 1-ელ აგვისტომდე მოხდეს. ერთ-ერთი მსხვილი ნავთობკომპანიის წყაროს ცნობით, აკრძალვას მომავალ ორშაბათს, 28 ივლისს მოეწერება ხელი.
თუმცა, მთავრობაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
bpn.ge