
თბილისში გამართულმა ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა – ღონისძიებას 55 000-მდე ადამიანი დაესწრო.
კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადებით, სპეციალურად ამ მოვლენისთვის, საქართველოს 20 000-მდე ტურისტი ეწვია.
საშუალო გამოთვლებით, ღონისძიებიდან გაყიდული ბილეთების საერთო შემოსავალმა, სულ მცირე, 11 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
გამოცემა Celebrity News-ის მიხედვით, ტიმბერლეიკმა თბილისში გამართული კონცერტისთვის, ჰონორარის სახით, 2-დან 5 მლნ აშშ დოლარამდე მიიღო, ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იყო კონტრაქტის პირობებზე – ბილეთების გაყიდვაზე, დასწრების რაოდენობასა და მსგავს დეტალებზე.
11 აპრილს, გამოცემა Bgnes-ი წერდა, რომ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის ბილეთები საქართველოსთვის რეკორდულად სწრაფ დროის მონაკვეთში გაიყიდა.
ინფორმაციისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა სადებიუტო ალბომი 2002 წელს გამოუშვა სახელად Justified, რომლის 7 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 44 წლის მომღერალი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.
bpn.ge