
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორ ჯონ ბარკერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა OIV-ის გენერალურ დირექტორს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი და მისი განვითარება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული და სამომავლო აქტიური თანამშრომლობა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები; აგრეთვე, როგორ შეიძლება ქართული ღვინის ცნობადობის მეტად გაზრდა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზრებზე”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ჯონ ბარკერმა მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან კარგად მუშაობს ღვინის ხარისხის, ვენახების ფართობის და ექსპორტის გაზრდის მიმართულებებით.
„საქართველო ღვინის აკვანია; ეს არის ქვეყანა, სადაც ღვინო არა მხოლოდ ეკონომიკური რესურსია, არამედ ისტორიისა და კულტურის ნაწილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV). თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ვენახების ფართობის ზრდასა და ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარებაზე,“ – განაცხადა ჯონ ბარკერმა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს