ჟურნალისტთა უსაფრთხოებისთვის ევროპის საბჭოს პლატფორმამ თბილისში მისია დაასრულა

Civil Georgia 2 თვის წინ 79
ჟურნალისტთა უსაფრთხოებისთვის ევროპის საბჭოს პლატფორმამ თბილისში მისია დაასრულა

ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და თავისუფლების სწრაფი რეაგირების პლატფორმამ, რომელიც ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციების მისიას წარმოადგენდა საქართველოში, მუშაობა დაასრულა, სადაც მოახლოებული არჩევნების კონტექსტში ადგილობრივი მედია გარემო შეაფასა. მისიის თქმით, ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით სიტუაცია „აშკარად გაუარესდა“. 1-2 ოქტომბრის მისიის ფარგლებში, ორგანიზაციები მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ აშკარა უკუსვლაა თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ორგანიზაცია „ცენზურის ინდექსის“ წარმომადგენელმა ჯემიმა სტენფილდმა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. „განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა „გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიღებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები. ასეთივე საფრთხესა და მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს კანონთა პაკეტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რადგან ჟურნალისტებს ბევრი მიმართულებით აეკრძალებათ გარკვეული საკითხების გაშუქება“.

„ამ კანონების ამოქმედებით ჩვენ ვხედავთ რეალურ საშიშროებას, მედიაზე ცენზურას ღია მეთოდებით, რომლებიც წარმოებული იქნება მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ“, – განაცხადა მან. „უამრავი ფაქტი ადასტურებს მედიის მკვეთრ პოლარიზაციას. ასევე ვერ ვხედავთ წინასაარჩევნო დებატებს, რაც დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ინდიკატორია. ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებაც უკვე დიდ გამოწვევას წარმოადგენს“.

„ეს ყველა ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, ვინც ამ მაგიდასთან ვსხედვართ, ვართ შოკირებული ბოლო პერიოდში თქვენს ქვეყანაში მომხდარი ფაქტების გამო“, – განაცხადა „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის“-ის წარმომადგენელმა რიკარდო გუტიერეშმა. მისივე თქმით, მისი გაოგნება გამოიწვია არა მხოლოდ, ზოგადად, მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებამ, არამედ „ჟურნალისტების, როგორც ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვამ“.

„სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს არაერთხელ დაესხნენ თავს, მაღალი ალბათობით სახელისუფლებო დაკვეთით. ამ დანაშაულებრივ ქმედებებს, სამწუხაროდ, სისტემატური ხასიათი აქვს და ეს არ არის ცალკეული შემთხვევები. ასეთი მოვლენები მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას“, – დასძინა მან

მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის მე-19 მუხლი, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია, ცენზურის ინდექსი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ფონდი სამართალი ჟურნალისტებისთვის (JFJ) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF).

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია