პურპროდუქტების წარმოების სექტორში დასაქმებულები ხელფასების მატებას, მწარმოებლები კი ხელშეწყობას ითხოვენ

News.ge 3 კვირის წინ 45
პურპროდუქტების წარმოების სექტორში დასაქმებულები ხელფასების მატებას, მწარმოებლები კი ხელშეწყობას ითხოვენ

პურპროდუქტების წარმოების სექტორში დასაქმებულები ხელფასების მატებას, მწარმოებლები კი ხელშეწყობას ითხოვენ
პურპროდუქტების წარმოების სექტორში კადრების დეფიციტია. დასაქმებულების გადინების პრობლემა გამწვავდა. მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1200-დან 1500 ლარამდე მერყეობს, თუმცა სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მცხობელებს არსებული ანაზღაურება აღარ აკმაყოფილებთ. მისივე თქმით, კვალიფიციური კადრები სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან, რადგან იქ მეტ ანაზღაურებას იღებენ.
,,პურპროდუქტებში დასაქმებულ ხალხს მეტი ხელფასი უნდა, რადგან დაბალი ანაზღაურებაა. კადრების დენადობა გვაქვს. კვალიფიციური კადრები მიდიან. ეს პრობლემა არის ნამდვილად. უნდათ მეტი ხელფასი ჰქონდეთ, რადგან ცხელი გარემოა, ხალხი მუშაობს სამ ცვლაში. ეს გამოწვევა ნამდვილად არის. მუშაობენ თვეში 10-12 ცვლას და ეს ხელფასი უკვე არ აკმაყოფილებთ. დღეში ითხოვენ 140-150 ლარს, რომ ხელფასი სადღაც 2000-2500 ლარზე ავიდეს. ასეთი მოთხოვნები არის ნამდვილად და ეს არის გამოწვევა. ეს საფიქრალი საკითხია. ვამბობთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის. პურის დამამზადებელსაც ესმის ხომ ეს. გეუბნება, თუ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ხელფასი მომიმატე. ძირითადად ანაზღაურების გამო მიდიან. ევროპას თუ შევადარებთ, იქ პურის ფასი მაღალია. საშუალოდ 3-4 ევროა. ზოგ ქვეყანაში 5 ევროც არის. მაგალითად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. იქ ანაზღაურებაც მეტი აქვთ, ამიტომ პროფესიონალი მცხობელი მიდის და იქ იწყებს მუშაობას. რადგან მეტს იღებს იქ.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ხელფასების მატების მოთხოვნის დაკმაყოფილება სურთ, თუმცა ეს პურპროდუქტებზე ფასის გაზრდის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ანაზღაურების მატება დამოკიდებულია კალკულაციაზე, თუმცა დღეს მწარმოებლებს დიდი ხარჯი აქვთ. მისი თქმით, საჭიროა სექტორის ხელშეწყობა, რათა მათ თანხის მობილიზება და შედეგად ხელფასების მატება შეძლონ.
,,ჩვენთან წყალი ძვირია. დისტრიბუცია გართულებულია. მანქანებით გადატვირთულია ქალაქი. დისტრიბუტორები ძალიან ხშირად ჯარიმდებიან და საჯარიმო თანხები ძალიან ბევრია. ასეთი შიდა პრობლემებია, რომელიც გადასაწყვეტია. ძალიან ბევრს ვფიქრობთ ხელფასების მატებაზე. კალკულაცია თუ მოგვცემს საშუალებას, ყველაფერი დამოკიდებულია კალკულაციაზე. თუ ამდენი ჯარიმა არ მოვა და იქნება რეზერვი გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მწარმოებელი ხალხი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. რაც შეეხება ფასების ცვალებადობას, ეს ფასი სამი წელია გვიჭირავს. დღეს ამ ფასზე ხელის მოკიდება არ გვინდა. არავის არ უნდა ფასის მომატება. ჩვენში უნდა ვეძებოთ რეზერვი. არის შესაძლებელი ხელშეწყობა. ამდენ ჯარიმებს ნუ გამოუწერენ დისტრიბუტორებს და ხელი შევუწყო პურპროდუქტების დარგს. ეს მომატება, არ უნდა მოხდეს პურის ფასის ზრდის ხარჯზე. რაღა გამოვა მაშინ? ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მხარე დავაკმაყოფილოთ და მეორე მხარეს, ხალხი გავაღიზიანოთ.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია