ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია “სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
,,მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდ სურვილს წარმოადგენდა და დღეს მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ ივარჯიშონ და დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას. იმედი მაქვს, რომ ახალი ცენტრი გახდება საყვარელი ადგილი, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ჩოგბურთი.
საერთაშორისო ტურნირებში ჩართულობა, თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას,” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 044 ლარი შეადგინა.