მსხვილმა ბიზნესმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს “ოცნებას”, ქათინაურების გარეშე – ზვიად ჭუმბურიძე

News.ge 4 დღის წინ 1
მსხვილმა ბიზნესმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს “ოცნებას”, ქათინაურების გარეშე – ზვიად ჭუმბურიძე

„ბიზნესმენებმა, მსხვილმა მოთამაშეებმა ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მმართველ პარტიას, ყოველგვარი ქათინაურების გარეშე“, – ასე უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, როდესაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სანქციები გრძელდება, -თან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ ხდება და პოლიტიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს, ხომ არაა დრო, მსხვილმა ბიზნესჯგუფებმაც ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმ რისკებზე, რაც შექმნილი მდგომარეობის გამო ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება.
– რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა სანდრო შელიამ „წერტილში“ ასეთი ფრაზა თქვა – „მსხვილ ბიზნესებს ბევრად დიდი გავლენა აქვთ ბიუჯეტის შემოსავლებზე და მთავრობაზეც“…
– დიახ… დაახლოებით, 20-დან 25-მდეა რიცხვი დიდი კომპანიების და კორპორაციების, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტს ავსებენ და დიახ, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მმართველ პარტიას, ყოველგვარი ქათინაურების გარეშე. დღეს არაა იმის დრო, რომ ერთმანეთის რაღაცები დავფაროთ. ყველა შევეჯახებით იმ პრობლემას, რასაც ჰქვია, მძიმე პოლიტიკური კრიზისი. ახლაც კრიზისში ვართ, მაგრამ უმძიმეს ვითარებაში არ უნდა გადავზარდოთ. მიჰბაძონ [მსხვილმა ბიზნესმენებმა] თემურ ჭყონიას, თუ შესაძლებელია… მსხვილი ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს, ისინი არიან მთავარი მოთამაშეები და ამავდროულად, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები არიან, მმართველ პარტიას დაუხატონ ის სურათი, რაც იქნება…
– ისე, შეიძლება, მსხვილი ბიზნესმენების ნაწილი, განსაკუთრებით, მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კატეგორია, ფიქრობს, რომ ამ დრომდე ეკონომიკის ზრდის ტემპს დიდად არ ეტყობა პოლიტიკური კრიზისი, ლარი ევროსთან და დოლართან მეტ-ნაკლებად მყარია და ა.შ.
– 34 წლის განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ რაღაცებს, რამაც ქვეყნის მეტ-ნაკლები სტაბილურობა განაპირობა, მაგრამ თუ არ გავაკეთეთ ის, რაც გასაკეთებელია, იმ 20-25 კომპანიისთვისაც ისე მარტივად ჩამოიშლება პერსპექტივა, რომ ვერც გავიგებთ რა პროცესში ვართ… რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ვხედავთ, ამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში; ვხედავთ სამუშაო ძალის და ტვინების გადინებას და ა.შ. რაც შეეხება დოლარს და ევროს, ჯერ ერთი, ევრო ვერ დავიჭირეთ და დოლარის მიმართ ლარის სიმყარეს კიდევ თავისი წინაპირობა აქვს – პროცესები, რომელიც აშშ-სა და გლობალურად მიდის. ამდენად, ნუ ვიამაყებთ, რომ დოლარის კურსი დავიჭირეთ – ისე შეიძლება სტაბილური დოლარი ხელში შემოგვადნეს, ვერც მივხვდეთ რა პროცესია. ამიტომ ბიზნესმენები, დიდი მოთამაშეები ვალდებულები არიან, მმართველ პარტიასთან ამ თემებზე გააკეთონ აქცენტი.

სრულად წაიკითხეთ სტატია