
საქართველოში ფერმერების ნაწილი მარწყვის კრეფის აქტიურ ფაზაშია. როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ანჯაფარიძე აცხადებს, წელს დაახლოებით 35-დან 40 ტონამდე მოსავალს ელოდება
„მარწყვის კრეფა დავიწყეთ აპრილის შუა რიცხვებიდან. ახლა აქტიური კრეფის სეზონში ვართ, შემდეგ შესვენება გვექნება და მომდევნო კრეფის პერიოდი დაიწყება ივნისის ბოლოდან და დეკემბრის 10 რიცხვამდე გაგრძელდება. მარწყვი 2 ჰექტარზე გვაქვს, დახურული გვირაბის ტიპის სათბურებია, საშუალოდ ჰექტარზე მოგვყავს 35-დან 40 ტონამდე მარწყვი. გაყიდვებიც სტაბილურია და მოთხოვნად, უკვე გვყავს ჩვენი კლიენტები, რომლებიც ორიენტირებული არიან ბიო და ჯანმრთელ პროდუქტზე, მოთხოვნა მათი მხრიდან საკმაოდ დიდია“, – აღნიშნავს ფერმერი.
მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ბიო მარწყვი მოჰყავს. პროდუქციის ტიპიდან გამომდინარე კი ფასი შედარებით მაღალია.
„ბაზარზე პირველი და ერთადერთი, სერტიფიცირებული ბიო მარწყვის მწარმოებლები ვართ. პროდუქცია შეგვაქვს სხვადასხვა მსხვილ მარკეტსა და მცირე ზომის აგრომაღაზიებში. ფასები სხვადასხვაა ქსელებთან მოლაპარაკებიდან გამომდინარე. ბიო მარწყვის მოსაყვანად ჩვენთან ყველაფერი ხელით მუშავდება, ასევე, ვიყენებთ ბიო პრეპარატებს, რომელთა იმპორტიც იტალიიდან და ესპანეთიდან ხორციელდება, ფასი კი საკმაოდ ძვირი ჯდება. გარდა ამისა, გვჭირდება მუშახელი – აბსოლუტურად ყოველ დღე 30-35 ქალბატონი მუშაობს ბაღში. ეს ყველაფერი ერთობლიობაში პროდუქციის ფასს განსაზღვრავს და საკმაოდ მაღალია, თუმცა, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
ფერმერმა ისაუბრა კადრების დეფიციტის შესახებაც და აღნიშნა, რომ სტაბილური კადრების მოძიება გართულებულია.
„ბაზარზე მუშახელის დეფიციტია – ვფიქრობ, რომ რაიმე სისტემა უნდა შემუშავდეს მეურნეობებთან მიმართებაში. ჩვენ მანქანა გვყავს და ეს გვეხმარება კადრების ჩამოყვანაში, სხვა შემთხვევაში რთულია მუშახელის მოძიება, თავად ვერ მოდიან. ასევე, მეურნეობის ირგვლივ სოფლებია, იქიდან შეიძლება მოყვანა მუშახელის, მაგრამ გარშემო სხვა მეურნეობებიცაა და კონკურენცია დიდი მუშახელთან მიმართებაში. შესაძლებელია არის მუშახელის მოძიება, თუმცა სტაბილური მუშახელის მოძიება რთულია“, – განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.