მაკა ბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Civil Georgia 1 კვირა წინ 18
მაკა ბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში 9-10 აპრილს გამართულ დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

რეგიონული დაკავშირებადობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოების გამოწვევები

9 აპრილს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა გლობალურ მოვლენებს და მათ გავლენას ეროვნულ ეკონომიკაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მან ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში, მის ურთიერთობას ევროკავშირთან და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატია და ქვეყანა „მნიშვნელოვანი სავაჭრო კვანძია არა მხოლოდ ევროპის, არამედ ცენტრალური აზიისა და შავი ზღვის რეგიონში“.

ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ „საქართველო, რომელიც  საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს, დღესაც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული პარტნიორია“. ამ კუთხით, მან ისაუბრა  საქართველოს ჩართულობით მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებზე, რომლებიც   ხელს უწყობს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას, ასევე ხაზი გაუსვა „შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ხელსაყრელ მდებარეობას რეგიონის განვითარებისთვის“.

„ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ, მოვლენათა ეპიცენტრში. ის რაც ხდება ფართო რეგიონში, განსაკუთრებით ევროპაში, პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპის არქიტექტურის ნაწილად მოვიაზრებთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. „მეორეს მხრივ, როგორც ეკონომიკური თუ კულტურული ხიდი, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი სრულიად განსხვავებული რეგიონის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების თვალსაზრისით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამ როლის ეფექტურად შესრულება“.

დისკუსიის დროს, როდესაც მას აშშ-ის ტარიფების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „საქართველოდან იმპორტზე ყველაზე დაბალი, 10%-იანი ტარიფია დაწესებული. უდიდესი სავაჭრო დისბალანსი გვაქვს, რადგან შტატებიდან უფრო მეტი იმპორტი გვაქვს, ვიდრე ექსპორტი. ეს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ვღელავდეთ ტარიფებზე საქართველოს პერსპექტივიდან. საერთო ჯამში, აღნიშნულ სიტუაციას ფრთხილად ვაკვირდებით“.

ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის დიდი ხნის წინ არჩეული გზაა, რომელიც ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ვალდებულებად აქცია“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ „მნიშვნელოვან ნაბიჯებზე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველომ მასშტაბური რეფორმები გაატარა და ამ თვალსაზრისით რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია“.

ბოჭორიშვილმა „ევროინტეგრაციის საკითხის ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენების მცდელობებზეც“ ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, რასაც დღეს ვაწყდებით, არის არჩეული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობა, რომლებმაც საკუთარი ამომრჩეველი პარლამენტში უნდა წარმოადგინონ და არა ქუჩაში“, – განაცხადა მან.

ბოჭორიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემასაც შეეხო და ის ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ ერთ-ერთი მთავარ საფრთხედ დაასახელა. „საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას. ეს საქართველოსთვის ისევ ნომერ პირველი საფრთხეა“, – აღნიშნა მან.

ამ კონტექსტში, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას.

შავი ზღვის როლი და უსაფრთხოება

საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა სამუშაო სესიაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონულ და გლობალურ როლზე მსჯელობას დაეთმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა რეგიონის სტრატეგიულ როლზე ეკონომიკური სტაბილურობისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობის უზრუნველყოფის საქმეში.

„ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც შავ ზღვას ევროკავშირთან დამაკავშირებელ და არა გამყოფ ზღვად აქცევს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს სტრატეგიული ხედვა, რომლის თანახმადაც სამომავლოდ შავი ზღვა თანამშრომლობის, განვითარებისა და მშვიდობის პლატფორმად უნდა იქცეს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას რეგიონულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც „ხელს უწყობს ევროპისა და აზიის ენერგეტიკულ და სავაჭრო ინტეგრაციასა და დაკავშირებადობას“.

ბოჭორიშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც და ყურადღება გაამახვილა რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. მან დაადასტურა „საქართველოს მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია