ლომჯარია: პრემიერის მართულმა ანტიკორუფციულმა დღეს დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია

News.ge 2 თვის წინ 86
ლომჯარია: პრემიერის მართულმა ანტიკორუფციულმა დღეს დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა ქვეყნის კანონმდებლობას.
ის გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.
ნინო ლომჯარიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გააგრძელებენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის და ამომრჩევლის ხმის უფლებების დაცვას.
“საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში იმ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის – ჩემი ხმა ევროკავშირს, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას.

დღეს პრემიერმინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერი კამპანია ან ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები ეს არის პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო დაუწესა შეზღუდვები კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევანი გახდეს ევროკავშირის წევრი ეს არის კონსტიტუციით 78-ე მუხლით გარანტირებული, გაცხადებული ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად, პრემიერმინისტრის მართული ანტიკორუფციული ბიურო საზოგადოების ამ ნებას ვერ შეცვლის და ჩვენ, 30 არასამთავრობო ორგანიზაცია გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას და გავაგრძელებთ არჩევნებზე თითოეული მოქალაქის, ამომრჩევლის ხმის უფლებების დაცვას”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია