
საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. საწარმოები და მსხვილი დისტრიბუტორები თხილის შესყიდვას აგვისტოს თვის ბოლოს ან სექტემბრისთვის დაიწყებენ, როცა თხილი შედარებით გამოშრება. თხილის ფასიც ამ დროიდან დადგინდება, თუმცა დღეს თხილის ფასი შედარებით მაინც მაღალია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ქართული თხილს წელსაც ძირითადად ევროპაში გაიტანენ.
თუ შარშან ამ დროს თხილის ფასი 3-4 ლარი იყო, დღეს ფასი 4-დან 6 ლარამდეა გაზრდილი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ სექტემბერში თხილი მინიმუმ 8-10 ლარი ეღირება. საუბარია, რა თქმა უნდა, ხარისხიან თხილზე.
რაც შეეხება ზოგადად მოსავალს, საქართველოში წელს გაცილებით მეტ მოსავალს ელიან, ვიდრე გასულ წელს, თუმცა, ეს იმ ფერმერების ხარჯზე, რომლებმაც თხილის ბაღებს მოუარეს. ასოციაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბაღებში, სადაც თხილის ბუჩქები არ შეუწამლიათ, იმაზე უარესი ხარისხის მოსავალი მიიღეს, ვიდრე შარშან.
ჯონი ბოლქვაძეს თხილის ბაღი ქობულეთის სოფელ გვარაში აქვს. ფერმერი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდება: „დავიწყე კრეფა. ბაზარი ჯერ არ შემისწავლია, მაგრამ ამბობენ, რომ 4-5 ლარი ღირს. მე ჯერ არ ვყიდი, საშრობ საწარმოში მიმაქვს, იქ ვაშრობ, ვინახავ და როცა ჩემთვის მისაღები ფასი იქნება, შემდეგ გავყიდი. სექტემბრიდან, როცა ექსპორტიორები დაიწყებენ მიღებას, დარეგულირდება ფასები“.
„წელს უფრო კარგი მოლოდინებია, მაგრამ ჯერ შესყიდვები არ დაგვიწყია, სექტემბრიდან ვიწყებთ. ახლა 5 ლარია მგონი მიღება კარგი თხილის. მეტსაც იხდიან, ასე მესმის და შედარებით ნაკლებხარისხიანი თხილიც არის – 4 ლარად“, – ამბობს ბადრი ლორჩოშვილი „ბათუმელებთან“. ის სენაკში იბარებს თხილს.
ბადრი ლორჩოშვილის თქმით, თხილი ევროპაში გაჰქონდა და წელსაც აპირებს. ამბობს, რომ ჩინეთიდანაც აქვთ შემოთავაზება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული გაიტანენ თუ არა. „თხილში ფულს ძირითადად ევროპა იხდის“, – გვეუბნება ბადრი ლორჩოშვილი.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გურიის კოორდინატორის, გიორგი ლანჩავას თქმით, მართალია, უკეთეს მოსავალს ელოდებიან, თუმცა „არის ზონები, ზოგან მეტია – სადაც მოუარეს, ზოგან ნაკლებია, მაგრამ ზოგადად, როგორც ფერმერები ამბობენ, ხარისხი ნორმალურია.
გეტყვით, რომ უწამლავი, მოუვლელი თხილი შარშანდელზეც ძალიან ბევრად დაბალი ხარისხის არის. ვინც მოუარა და შეწამლა, აი, ვინც ჩვენი სქემით ისარგებლა, ან ნებისმიერი სხვა აგრონომის სქემით, იდეალური შედეგი აქვთ. შარშანდელზე ბევრად უკეთესი ხარისხის არის.“
გიორგი ლანჩავას თქმით, ფასი თხილზე უკვე გამოაცხადა თურქეთმა, სადაც 1 კილოგრამის ფასი დაახლოებით 5 აშშ დოლარია, ოღონდ ისეთი თხილის, რომლის გამოსავლიანობა 50 პროცენტიდან 55 პროცენტამდეა.
„ჩვენთან გამოსავლიანობა არ ვიცით – არავინ იბარებს ჯერ. გამოსავლიანობა დადგინდება შემდეგ, ანალიზები რომ გაკეთდება. დაახლოებით სექტემბერში დაიწყება მიღება. ვფიქრობ აქ ფასი იქნება, დაახლოებით 8- 10 ლარამდე, ასე დაიწყება. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში ეს ფასი იქნება ისეთ თხილზე, რომლის გამოსავლიანობა იქნება 40 პროცენტი“, – ამბობს გიორგი ლანჩავა.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წელში საქართველოდან გატანილია 537,4 მილიონი აშშ დოლარის თხილი. აქედან 50,3 მილიონი დოლარის მარტო 2025 წლის იანვარ-ივნისში:
წყარო: საქსტატი
საქართველოში თხილის ფასის ზრდის პარალელურად ხმობა დაიწყო თხილის ბუჩქებმა. თხილის ნაყოფს კვლავ აზიანებს აზიური ფაროსანაც.
„აზიურმა ფაროსანამ წელს გამოსვლა დააგვიანა და თითქოს ნაყოფის დაზიანება იმდენად ვერ უნდა მოესწრო, მაგრამ ახლა რომ ტყდება თხილები, ანალიზს რომ ვაკეთებთ, ძალიან ბევრი ნაკბენი აქვს, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მაინც მოახერხა დაზიანება თხილის.
ხმობას რაც შეეხება, ხმობის პრობლემაც არის. მკვლევართა ჯგუფიც იყო ჩამოსული, შეხვედრა გვქონდა ოზურგეთში, ჩავიყვანე ქობულეთში და ორი წარმატებული ფერმერის ბაღში მყავდა. სინჯებიც ავაღებინე, რომელიც გამოსაკვლევად წაიღეს. დაახლოებით ვიცით, რომ ბაქტერიულ დაავადებას ვებრძვით… მოკლედ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე ეს პრობლემა“, – ამბობს გიორგი ლანჩავა.
„სამჯერ შევწამლე, გამოვასუფთავე, სასუქებიც შევიტანე… მოსავალს არ ვუჩივი, მაგრამ თხილის ბუჩქები მაინც ხმება“, – გვეუბნება ჯონი ბოლქვაძე.
batumelebi.netgazeti.ge