ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

Civil Georgia 3 დღის წინ 11
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 29 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა თავის უნგრელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა კონფერენციაზე

29 მაისს, ირაკლი კობახიძე უკვე მეორედ წარსდგა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. გასულ წელს მან ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“, „უკონტროლო მიგრაცია“, „ლიბერალური ფაშიზმი“ და ქვეყნების ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანობის წინაშე არსებული საფრთხეები. წელს მან თავისი რიტორიკა გაამწვავა და „დიფ სთეითის“ შესახებ ნარატივი ჩართო, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ქვეყნის შიგნით ხშირად იყენებენ.

კობახიძემ თავისი გამოსვლა უნგრეთის ქებით დაიწყო –  იმ ქვეყნის, რომელმაც „მტკიცედ  დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა“.

„ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს და ჩვენი ერის ეროვნული ინტერესების მიმართ გამოხატავს [ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამნია „ევროპული გზის მიმართ“ ნაცვლად „ეროვნული ინტერესებისა“]. დიდი მადლობა ამისთვის,  ბატონო ვიქტორ!“, – განაცხადა კობახიძემ.

ორბანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დასავლელ ლიდერებს შორის, რომელმაც 2024 წლის სადავო აპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღიარა. ვინაიდან „ქართული ოცნება“ სულ უფრო ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ბუდაპეშტი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხშირი დანიშნულების ადგილი გახდა.

„თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა – ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მრავალი ომისა და საუკუნეების განმავლობაში ოკუპაციის მიუხედავად, „მაინც, დავრჩით გაუტეხელნი. ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე. „არამხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც – დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება – ვიყოთ ის, ვინც ვართ“.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, „ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის; და არა იმ „დიფ სთეითის“, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს“.

„ჭეშმარიტი, ღირებულებებზე-დაფუძნებული დასავლეთი – ჩვენი დასავლეთი – ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც; ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი ისტორიით, კულტურითა და იდენტობით, მაგრამ „ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული“.

„ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა“, – განაგრძო კობახიძემ. „მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ, აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას“. კობახიძემ ასევე განაცხადა: „ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“.

შემდეგ იგი უკრაინის ომის საკითხს მიუბრუნდა და მას „საშინელი ტრაგედია“ უწოდა. მისი თქმით, დასაწყისშივე, საქართველოს ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. „სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანამ გაუძლო „უზარმაზარ ზეწოლას – როგორც გარედან, ისე შიგნიდან – იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად“.

შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი „მეორე ფრონტის“ შესახებ, რომ თითქოს დასავლეთი რუსეთთან ომში ითრევდა საქართველოს.

„ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა – ომის ნაცვლად; სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად“, – აღნიშნა მან.

კობახიძემ „უცხოური დაფინანსებით“ მოქმედი არასამთავრობოები და მედიასაშუალებებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „როდესაც საქართველომ გაატარა ზომები, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითა და სანქციებით შეხვდნენ“.

„ყველა ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა – მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული“, – განაცხადა კობახიძემ. „ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას Deep State-ად მოიხსენიებს. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა Deep State-ს გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები – როგორებიცაა USAID და NED – რომლის მეშვეობითაც Deep State ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხ წელიწადში ოთხი რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედისმომცემია. თუმცა ეს საკმარისი არ არის“.

მან ასევე განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც „ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში“. მან ამის მაგალითად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები და MEGOBARI აქტი დაასახელა. ორივე შემთხვევაში კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ზომები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.

„დასასრულს, მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და Deep State-ის გავლენის წინააღმდეგ – ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისი ხალხის ნებას“, – დასძინა მან.

შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესრელიზის თანახმად, 28 მაისს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა კობახიძემ და ორბანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის „წარმატებულ თანამშრომლობას“. კობახიძემ მადლობა გადაუხადა ორბანს სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ X-ზე დაწერა: „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ორბანთან, სადაც საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა განვიხილეთ. ჩვენ ღრმად ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ჩვენს საერთო ერთგულებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“.

Had a great meeting with Prime Minister Orbán to discuss the growing partnership between Georgia and Hungary 🇬🇪🇭🇺. We deeply appreciate Hungary’s support for Georgia’s European integration and our shared commitment to regional peace and stability. pic.twitter.com/xvSsfzmnub

— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 28, 2025

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია