ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მშვიდობის, ეკონომიკის, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს

Civil Georgia 1 კვირა წინ 7
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე მშვიდობის, ეკონომიკის, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრო, რომელიც თურქეთში 11-13 აპრილს იმართება. პანელურ დისკუსიაზე „პარტნიორობის ძიება მრავალპოლარიზაციის ეპოქაში“ საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ ჩართულობას რუსეთთან, და მოსკოვთან ურთიერთობისას „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას“ ახორციელებს. მან ასევე გაიმეორა „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ საქართველოზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა 2022 წელს უკრაინის ომში ჩართულიყო და აღნიშნა, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში დიპლომატიის ძალა „ძალიან სუსტია“.

მულტიპოლარული სამყარო

კობახიძემ განაცხადა, რომ მულტიპოლარული სამყარო დიდ გამოწვევას ქმნის, თუმცა შესაძლებლობებს აძლევს ყველა ქვეყანას, „მათ შორის საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს“. მან ხაზი გაუსვა სავაჭრო და ეკონომიკურ დიპლომატიას, როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს მასშტაბით … გავაფართოვოთ ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო პარტნიორობა სხვადასხვა ქვეყნებთან… საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს 50-მდე ქვეყანასთან”, – აღნიშნა მან.

ეკონომიკა

კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური განვითარებით დაიკვეხნა და განაცხადა, რომ ქვეყნის „საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან 9.4%-ია“, რაც, მისი თქმით, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს აღადგინოს ისტორიული ფუნქცია, რომელიც „აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, მათ შორის ეკონომიკურ განზომილებაში“, და იქვე დასძინა, რომ „განვითარებისთვის, ქვეყნებს შორის სწორი ურთიერთობებისთვის მშვიდობა გადამწყვეტია“.

მშვიდობა

„მშვიდობა“ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა იყო. მისი თქმით, „ყველას ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს მშვიდობის განმტკიცებაზე ჩვენს ირგვლივ. ძალიან გვახარებს, რომ ამას თურქეთთან ერთად ვაკეთებთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ასევე მისდევს მშვიდობიან პოლიტიკას განვითარებისთვის“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ყოველთვის ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობდა რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებაში“.

ურთიერთობები რუსეთთან

კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოუგვარებელი კონფლიქტები ახსენა და განაცხადა, რომ „ამ პირობებშიც კი მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას ვახორციელებთ“.

„რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. ესეც ჩვენი ხედვის ნაწილია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირთან ურთიერთობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მან აღიარა, რომ ქვეყანა „ამ მხრივ გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას“ და დასძინა: „იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობის აღდგენით, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახალისებული“.

ომი უკრაინაში და საქართველო

უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ „2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო“.

მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო „ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის დასაცავად“ და დასძინა, რომ „ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა ყოველგვარი დიპლომატიური ძალის გარეშე“.

დიპლომატიის როლი

კობახიძე მიმდინარე გლობალური კონფლიქტების ფონზე დიპლომატიის როლსაც შეეხო და განაცხადა, რომ „დიპლომატიის ძალა ძალიან სუსტია“. მისი თქმით, „კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე“.

„მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ  მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია, რა თქმა უნდა,  მთავარ ადგილს დაიკავებს“, – აღნიშნა კობახიძემ. „ნამდვილად გვწამს, რომ დიპლომატია უფრო პოზიტიური ინსტრუმენტია ეროვნული ინტერესების  დასაცავად, ვიდრე უხეში პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ, მოთმინებით ველით მშვიდობის დადგომას, როცა დიპლომატია მეტ ძალას შეიძენს“.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია