ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

Civil Georgia 1 კვირა წინ 8
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 27 მაისს.

სუს-ის განცხადების თანახმად, მან „ანონიმური შეტყობინება“ მიიღო, რომლის თანახმადაც „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“. სუს-მა განაცხადა, რომ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჩიაშვილი დააკავეს.

ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი „ძალით დააბრუნეს“ საქართველოში, სადაც მას „წამების გარდაუვალი რისკი ემუქრება“. განცხადებაში არ არის მითითებული, საიდან მოხდა მისი ძალით დაბრუნება. ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა დაგმო ბაჩიაშვილის დევნისას „შიდა და საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტალიზაცია და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენება“.

ბაჩიაშვილმა, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის ახლო თანამოაზრე და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, 9 მარტს დაპატიმრების შიშით ფარულად დატოვა საქართველო. მან განაცხადა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. მან განაცხადა, რომ ივანიშვილი მას ციხეში „გაჭყლეტვით“ დაემუქრა. საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. ემიგრაციაში ყოფნისას მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. „ჩრდილოეთ კავკასიელი ჯგუფები, სავარაუდოდ ჩეჩნები“, – განუცხადა ბაჩიაშვილმა The Guardian-ს დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

გავრცელდა ვარაუდები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გარიგება დადო, რომლის ფარგლებში მხარს დაუჭერდა საამიროების კანდიდატს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე ბაჩიაშვილის ექსტრადიციის სანაცვლოდ. UNWTO-ს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, საქართველოს წარმომადგენელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომლის კანდიდატურასაც „ქართულმა ოცნებამ“ აღარ დაუჭირა მხარი, ამ ვარაუდზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

10 მარტს, ქვეყნის დატოვებიდან ერთ დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე 2023 წელს აღიძრა, როდესაც მას ბრალად დასდეს ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 8 253,13 ბიტკოინის მითვისება რომლის ღირებულებაც 39 215 820 აშშ დოლარია. მოგვიანებით მას 2.5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

2025 წლის იანვარში ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა შესთავაზა, თუ ის კრიპტოვალუტით რეგულარულ გადახდებს განახორციელებდა.

2025 წლის თებერვალში პროკურატურამ ბაჩიაშვილს ახალი ბრალდება წაუყენა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მისი წასვლიდან მალევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ვადა წელს ეწურებოდა. თავდაპირველად „ქართული ოცნება“ მას ახლადშექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით მისი დანიშვნა გადაიფიქრა. ზოგიერთი მმართველი პარტიიდან მის წასვლას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ სუს-მა ვერ აღკვეთა ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია