თურქეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და კუბაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

Civil Georgia 3 კვირის წინ 26
თურქეთში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და კუბაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

თურქეთის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, ასევე კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა. იგი 2005 წლიდან  მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2018-2023 წლებში არჩილ კალანდია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შოთა გეწაძე დაინიშნა. მას სასამართლო სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი ასევე  გახლავთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ექსპერტი ლტოლვილთა და თავშესაფრის საკითხებში, ევროპის საბჭოს ექსპერტი საარჩევნო სამართალში. 2015 წლიდან დღემდე არის ლტოლვილთა სასამართლოს მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

გეწაძე მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა. ის ხელმძღვანელობდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეს.მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტის განკარგულებას მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, თუმცა დაადგინა, რომ იმავე განკარგულების დებულება მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკანონო იყო. 2015 წელს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. 2018 წელს იგი სასამართლოში უვადოდ დაინიშნა და 2023 წლამდე მუშაობდა. 2023 წლის ივნისიდან გეწაძე საქართველოს დესპანი იყო შვეიცარიაში.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ბარამიძე დაინიშნა. მანამდე მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა. 2021 წლამდე ბარამიძე ნინო ბურჯანაძის პარტია – დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს გენერალური მდივანი იყო.

სრულად წაიკითხეთ სტატია