ერგნეთში 3 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 124-ე შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის განცხადება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, „მკაცრად“ მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა. 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გინტურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი და მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.
ევრიკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებმა ეუთოდან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, შესაბამისად, კრისტოფ შპეტიმ და ბეტინა პატრისია ბუგანიმ, მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნას მოახლოებული მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში, „ხაზი გაუსვეს რა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების რელიგიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიცემის შესაძლებლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სასაფლაოების მონახულების კუთხით“.
მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს ასეთი ზომების დადებითი გავლენა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა და მოუწოდეს მათ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ დაკავებების არსებული შემთხვევების გადაწყვეტის მიზნით“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს „კონსტრუქციული ტექნიკური შეხვედრა სარწყავ წყალთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რომელიც 31 მარტს მომავალი სარწყავი სეზონის წინსწრებად გაიმართა“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს ირიგაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით“.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/02/2025 – ერგნეთში IPRM-ის 123-ე შეხვედრა გაიმართა
- 19/11/2024 – ერგნეთში IPRM-ის 122-ე შეხვედრა გაიმართა
- 13/09/2024 – ერგნეთში IPRM-ის 121-ე შეხვედრა გაიმართა
- 08/08/2024 – საქართველოს პრეზიდენტი ერგნეთში: ევროპა საბოლოო გამაერთიანებელი იქნება
- 23/07/2024 – ერგნეთში IPRM-ის 120-ე შეხვედრა გაიმართა