„ბატონი კობახიძე თვითონაც მალავს, რომელ ბიზნესს შეხვდა. თუ ამ ქვეყანაში ვინმე გამოსავალს ხედავს, სიამოვნებით მოვუსმენდი…“ – ასე გამოეხმაურა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური მოვლენების გამო 20-მდე ბიზნესმენს შეხვდა და დაამშვიდა.
„შეიძლება ჩვენ, 2500 კომპანიას, ვინც თავისუფალი ბიზნესის ქვეშ გავერთიანდით, გვაკლია რაღაც და ვერ ვხედავთ ქვეყანა ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოვიდეს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო, არამარტო შიდა, არამედ გარე ინვესტიციების ნაწილში. რუსული კანონი იქნა სტაბილური გარემოს ნგრევის დასაწყისი.
თუ არსებულ მთავრობას უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპისკენ წაეყვანა, მაშინ მინიმუმ იმ 9 პუნქტს შეასრულებდა, რომელიც იმ ღირებულებებზე დგას, სადაც წარმატებულია დღეს ეს ბიზნესი. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში კრიზისი გარდაუვალია. ბიზნესი არ გაჩერდება. მე ვთვლი, რომ ახალი ბიზნესი იბადება. ერთადერთი, ვისაც პოზიცია არ დაუფიქსირებია, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დააფიქსირონ პოზიცია, იმიტომ რომ სიჩუმე არის ღალატის ტოლფასი და კონფორმიზმი არის ავტოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
აქედან გამომდინარე, მეგობრებო დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, უკვე დაგვიანებულია, ეკონომიკაში კრიზისები დაწყებულია, წინა ფრონტზე მდგარი ბიზნესებისთვის, დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება!“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.