
„ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღება და გაშრობა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა საუბრობს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში თხილის აღების სამუშაოები მიმდინარეობს. წელს ქვეყანაში მოსავლის 5-10%-ით გაზრდას და 50 ათას ტონა თხილს ელოდებიან. რაც შეეხება ფასს, 1 კგ.-ის ფასი საშუალოდ 5 ლარის ფარგლებშია.
ფერმერები ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტია. მეწარმეები, როგორც აცხადებენ, ორიენტირებულები არიან, მოსავლის სწრაფად აღებაზე, თუმცა მუშახელის დეფიციტი კვლავაც გამოწვევად რჩება.
„მიმდინარეობს მოსავლის აღება. ამ მომენტისთვის ფოკუსირებული ვართ იმაზე რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღება და გაშრობა. ფასი შედარებით უკეთესია, რაც ვფიქრობ, რომ ფერმერებს მისცემს სტიმულს, უკეთესად მოუარონ მომავალ წელს თავის ბაღებს. მიმაჩნია, რომ მომავალ წელს უკეთესი მოსავალი გვექნება.
რა თქმა უნდა, მუშახელის დეფიციტის პრობლემა არსებობს, რეგიონებში ხალხი ნაკლებადაა, სოფლებში არ არის საკმარისი მოსახლეობა და მუშახელის პრობლემა ყოველ წელს გვაქვს. დღიური ანაზღაურება 60 ლარამდეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ შეთანხმდება დამსაქმებელთან – ზოგი მეტს იხდის, ზოგი ნაკლებს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ჭითანავამ.