27 ნოემბერს BM.GE-სთან ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაჭიანურების, გერმანია-საქართველოს ურთიერთობების, საქართველოს ეკონომიკაზე ევროპული გზიდან გადახვევის გავლენისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ ისაუბრა.
ელჩმა ფიშერმა გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას კრიზისი უწოდა და განაცხადა: „ჩვენ ახლა ჩიხში ვართ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იყო „სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი“ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა სტატუსის მისაღებად საჭირო ცხრა პირობა. მან ასევე აღნიშნა ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების რიტორიკასა და ქმედებებში, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება, რომელიც, მისი თქმით, „უხეშ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, რასაც ევროკავშირი უჭერს მხარს, რადგან ევროკავშირის საფუძველია დემოკრატია და კანონის უზენაესობის ინსტიტუტები“. ელჩმა ასევე დაგმო ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღება და გააკრიტიკა ბრალდებები გერმანიისა და ევროკავშირის მიმართ, რომ თითქოსდა ისინი საქართველოს უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ და „ლიბერალურ ფაშიზმს“ უწყობენ ხელს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მტკიცებას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, ელჩმა განაცხადა, რომ ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
გასული წლის ივნისში და შემდეგ ოქტომბერში, „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და დაწერეს გადაწყვეტილებაში, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას“.
ელჩმა ასევე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში და განაცხადა, რომ „არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით“. მისი თქმით, „ვიმყოფებით ჩიხში და კრიზისულ მომენტში“ და „არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ ხელიდან გაუშვით თქვენი შესაძლებლობა“.
ელჩმა ფიშერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ბიზნეს სექტორის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდული ინტეგრაციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა (DCFTA) 2016 წლიდან მოქმედებს. მან აღნიშნა, რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში მხოლოდ მინიმალურად გაიზარდა, დაახლოებით 2%-ით, და ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ისეთ სტანდარტებთან შეუსაბამობაა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფიტოსანიტარული რეგულაციები. ფიშერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობას „მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ბაზარზე“ წვდომისთვის და გააფრთხილა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში არსებული კრიზისი და საქართველოს შეჩერებული ევროინტეგრაცია აფერხებს პოტენციურ ინვესტორებს და ძირს უთხრის ეკონომიკურ პროგრესს.
მან ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სტრუქტურული სამართლებრივი და ბიზნეს ჩარჩოს მიმზიდველობა, „რომელსაც ადამიანები იცნობენ და რომელიც უსაფრთხოა“. „სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს ძირითადად ჩვენ შორის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ქვეყანაში ევროპელ ბიზნესმენებსაც უხსნის გზას. მაგრამ საქართველო ჩამოშორდა ევროკავშირს, განაგრძო მან, რამაც უცხოელ ინვესტორებში, მათ შორის გერმანელ ბიზნესმენებში ყოყმანი გამოიწვია.
ზოგიერთმა გადახედა ან უკანაც კი გაიტანა თავისი ინვესტიციები, მაგალითად, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელიც გავიდა ქართული ბაზრიდან. ელჩი ფიშერის თქმით, ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოს სამხრეთ კავკასიაში პატარა, განვითარებად ბაზრად ტოვებს, სადაც ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელების სურვილი შეზღუდულია.
მან ასევე გააფრთხილა, რომ ევროკავშირთან დაშორება უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზეც, ასევე მოყვება ახალგაზრდების ემიგრაცია, საფონდო ბირჟებზე ქართული კომპანიების ფასების რყევები და სხვა ფაქტორები.
ასევე წაიკითხეთ: