ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობით

Civil Georgia 1 კვირა წინ 10
ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობით

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის გამოყენება დაასახელა.

12 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ბრიტანეთის ელჩმა შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ევრო-ატლანტიკური გზიდან გადახვევის გამო. „შოკირებული ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ “, – განაცხადა ელჩმა ქართულ ენაზე და ამგვარ ქმედებებს „მიუღებელი“ უწოდა.   

ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება დიდი ბრიტანეთის მიერ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის შეზღუდვის თაობაზე. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. ასევე ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში“, – განაცხადა ელჩმა. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე შეაჩერა უორდროპის სტრატეგიული დიალოგი.

ელჩმა ხაზი გაუსვა ანგარიშვალდებულების აუცილებლობას და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიშველია, რომლის თანახმადაც, 400-ზე მეტ დაკავებულს აღენიშნება ცემის ნიშნები. მან პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.  

დიდმა ბრიტანეთმა ასევე მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ მოუსმინოს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ორ ათწლეულზე მეტია საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. მიუხედავად გამოწვევებისა, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს წარმატებული, მრავალპარტიული დემოკრატია და გააფრთხილა, რომ „სხვა არჩევანი არის ავტოკრატია“.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან თანამშრომლობის შეზღუდვის შესახებ წინ უსწრებდა სხვა დასავლური ქვეყნების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები. 29 ოქტომბრიდან შვედეთმა შეწყვიტა პირდაპირი თანამშრომლობა საქართველოსთან, ევროატლანტიკური გზიდან ხელისუფლების გადახვევის საპასუხოდ. 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო გერმანიამ განვითარების ახალი პროექტები და სასესხო ხელშეკრულებები შეაჩერა. ეს ქმედებები ევროპული დემოკრატიული ნორმებიდან საქართველოს გადახვევით გამოწვეული მზარდი საერთაშორისო შეშფოთების შედეგია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია