აქტივისტი, რომელსაც აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს, ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

Civil Georgia 2 კვირის წინ 17
აქტივისტი, რომელსაც აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს, ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

ლაშა გაბიტაშვილი, მიმდინარე ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, აცხადებს, რომ იუსტიციის სახლმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. გაბიტაშვილი ყურადღების ცენტრში იანვარში მოექცა აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ჩხუბის შემდეგ. მისი თქმით, ხელისუფლებამ უარი უთხრა მას განაცხადზე, შეენარჩუნებინა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც ქორწინების გზით ისრაელის მოქალაქეობა მიიღო.

„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება. მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და მთელი ცხოვრება საქართველოში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა გაბიტაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მეუღლის მეშვეობით ისრაელის მოქალაქეობა მიიღო, მან იუსტიციის სახლს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართა. მან ასევე განაცხადა, რომ მისი ორივე შვილი საქართველოში დაიბადა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

მან დასძინა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს ისრაელის ელჩთან საქართველოში.

თავდასხმა აბუ დაბიში

13 იანვარს, აბუ-დაბიში, სავარაუდოდ, კონცერტზე დასასწრებად ჩასული „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა,  ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გაბიტაშვილს. გაბიტაშვილი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, რომლის რესტორანში სადილობისას მას სამი დეპუტატი თავს დაესხა.

ინციდენტი წინა დღის დაპირისპირების გაგრძელება იყო, როდესაც გაბიტაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს გარეთ ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა, მას რუსი მონა და მოღალატე უწოდა და შეაგინა.

თავდასხმა თბილისში

თებერვალში, გაბიტაშვილს კვლავ თავს დაესხნენ თბილისში დაბრუნების შემდეგ. მისი თქმით, სამი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა, როდესაც ის თავის სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა.


ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოპონენტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, არაერთხელ გახდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, სიტყვიერი შევიწროებისა და მუქარის მსხვერპლი, ხშირად უცნობი ნიღბიანი პირების მხრიდან. დაშინების ტალღამ შეშფოთება გამოიწვია საქართველოში განსხვავებული აზრის მიმართ სულ უფრო მტრული გარემოს შექმნის შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია