ადამიანის პაპილომავირუსები – ჩუმი საფრთხე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

Civil Georgia 3 თვის წინ 76
ადამიანის პაპილომავირუსები – ჩუმი საფრთხე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

ზოგჯერ ყველაზე ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით უპრობლემო მიკრობები, სრულიად ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას. ზუსტად ასეთი ვირუსია ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ). ბუნებაში მისი 200-ზე მეტი ვარიანტი გვხვდება. უმეტესობა პრობლემას არ ქმნის და მათ არსებობას ვერც ვგრძნობთ, მაგრამ არსებობს პაპილომავირუსის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც, დროთა განმავლობაში, მძიმე და ზოგჯერ სასიკვდილო პათოლოგიებს იწვევს. ამ დაავადებების ჩამონათვალში შედის პირის ღრუს, ანალური, პენისის და ყველაზე ფართო გავრცელების მქონე – საშვილოსნოს ყელის კიბო.


ლუკა ნაჭყებია, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრი, USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”


„ადამიანის პაპილომავირუსი იმდენად ხშირია, რომ ის თითქმის ყველა სქესობრივად აქტიურ ადამიანს აინფიცირებს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე“

როდესაც აპვ-ს გავრცელებას განვიხილავთ, ამ დროს არ ვსაუბრობთ უბრალო ციფრებზე, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ეხება. პაპილომავირუსები ყველაზე გავრცელებულ სქესობრივად გადამდებ ინფექციებს განეკუთვნება. მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ვაქცინაციაა.

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა (დაახლოებით 99%) დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსებთან.
  • 2022 წელს, მსოფლიოში დაახლოებით 660 000 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო, აქედან 350 000 კი, დაიღუპა.
  • საშვილოსნოს ყელის კიბო რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის სერვისები არაა ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნებში, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში ონკოლოგიური მიზეზებით გამოწვეული სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საშუალოდ 90%-იანი ეფექტურობით გიცავთ აპვ-ით გამოწვეული სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებისაგან.

ისტორია

აპვ ვაქცინის ისტორია 1951 წელს იწყება. ჰენრიეტა ლაქსს საშვილოსნოს ყელის კიბო 30 წლის ასაკში დაუდგინდა. მკურნალობისთვის ჰენრიეტამ და მისმა მეუღლემ ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს მიმართეს, სადაც ექიმმა, ჯორჯ გრეიმ, საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე დაკვირვება დაიწყო. მან დასკვნების გაკეთება მაშინდელი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ნაკლებობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა სათავე დაუდო ისეთ მნიშვნელოვან აღმოჩენებს, როგორიცაა პოლიოს საწინააღმდეგო ვაქცინა და აღმოაჩინა კავშირი ადამიანის პაპილომავირუსსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შორის.

1983 წელს, ექიმმა რიჩარდ შოპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზი შესაძლოა ვირუსი ყოფილიყო. მოგვიანებით, გერმანელმა ვირუსოლოგმა, ჰარალდ ზურ ჰაუსენმა, კი დაამტკიცა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოგენი სწორედ პაპილომავირუსი გახლდათ. ამ აღმოჩენისთვის ის 2008 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

1991 წელს მეცნიერებმა შექმნეს ვირუსის მსგავსი ნაწილაკები (VLP), რომელიც ძალიან ჰგავდნენ პაპილომავირუსს, თუმცა არ შეიცავდნენ ვირუსის გენებს და ამდენად არ შეეძლოთ კიბოს გამოწვევა. სწორედ მათი გამოყენებით შეიქმნა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა.

2001-2002 წელს, ლაურა კოუტსმა დაამტკიცა პაპილომავირუსის ბივალენტური (ორი შტამის წინააღმდეგ მიმართული) ვაქცინის ეფექტურობა პაპილომავირუსით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

2006 წელს კი აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) დაამტკიცა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა ვაქცინა “გარდასილი.” მისი გამოყენება თავდაპირველად გოგოებში დაიწყეს.

ეს ვაქცინა ეფექტური იყო ადამიანის პაპილომავირუსის ოთხი ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც, თავის მხრივ, თავიდან გვაცილებდა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს. შვიდი წლის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებაზე დაკვირვებამ უჩვენა მაღალი ეფექტურობა აპვ-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკაში.

2009 წელს გამოუშვეს ვაქცინის ახალი ტიპი – “ცერვარიქსი”, ხოლო 2014 წელს კი “გარდასილის” გაუმჯობესებული ვერსია გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც ცხრა ტიპის პაპილომავირუსის წინააღმდეგაა ეფექტური, ის გვიცავს პაპილომავირუსის შემდეგი ვარიანტებისგან:

  • აპვ 16 და 18 – მაღალი რისკის მქონე ვარიანტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების/განვითარების 70%-ზე;
  • აპვ 31, 33, 45, 52 – მაღალი რისკის მქონე ვარიანტები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დარჩენილი 30-დან – 20%-ს.
  • აპვ 6 და 11 – რომლებიც იწვევენ გენიტალური მეჭეჭების შემთხვევათა 90%-ზე მეტს.

2019 წელს ვაქცინის ეფექტურობიდან და თვალსაჩინო შედეგებიდან გამომდინარე, აპვ-ის საწინააღმდეგო აცრა ვაქვინაციის ეროვნულ კალენდრებში ასზე მეტ ქვეყანაში შევიდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მიმდინარე საუკუნეში მოხერხდება ამ ვირუსის გაქრობა ისევე, როგორც ერთ დროს კაცობრიობამ ყვავილის ვირუსი დაამარცხა.

ყვავილი, რომელიც ამოვძირკვეთ

რას წარმოადგენს ვაქცინა და როგორ მუშაობს?

მიუხედავად მრავალი გავრცელებული მითისა, პაპილომავირუსის ვაქცინის, ისევე როგორც სხვა ვაქცინების მოქმედების მექანიზმი საკმაოდ მარტივი და უსაფრთხოა.

თუ იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის მცველი ჯარია, აპვ ვაქცინა სავარჯიშო სამიზნეა, რომელიც არმიას ასწავლის, თუ როგორ ამოიცნოს მტერი – ადამიანის პაპილომავირუსი.

პაპილომავირუსი ფარული მტერია, რომელიც სხეულის გარკვეულ ადგილებს ირჩევს დასამალად – მაგალითად საშვილოსნოს ყელს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ვაქცინით ნავარჯიშევ ორგანიზმში ამ დამნაშავე ვირუსის სურათები ყველგანაა გაკრული. როგორც კი ის ორგანიზმში შეაღწევს, ჩვენი ჯარი მაშინვე აღმოაჩენს და თანაც იცის, როგორ გაუმკლავდეს. შედეგად, პაპილომავირუსი ვერ აზიანებს ორგანიზმს და დაავადება ან საერთოდ არ ვითარდება, ან ძალიან სუსტი ფორმით ვლინდება.

თავად ვაქცინა შეიცავს ვირუსის არააქტიურ ნაწილაკებსა და დამატებით კომპონენტებს, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემას – ჩვენს ჯარს – უჩვენებენ და აცნობენ ნამდვილ ვირუსს და ასწავლიან მასთან ბრძოლას. პაპილომავირუსის ვაქცინა არ შეიცავს “ცოცხალ ვირუსს”, ამდენად მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა.

მსოფლიო ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ

დღეს აპვ ვაქცინაცია რეგულარულად ტარდება 125-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც 90%-ით შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები ვაქცინირებულებს შორის.

პირველად პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო შვედეთში, 2006 წელს. 2008-2010 წელს მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო ვაქცინირებული. 2018 წლისთვის აცრილი ქალების წილმა 82.3%-ს მიაღწია.

ავსტრალიის ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია გეგმად ისახავს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას 2035 წლისთვის და ამისათვის ასევე ვარაუდობს აცრილი ვაჟების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას 90%-მდე. 24-დან 74 წლამდე მოსახლეობას აქტიურად შეამოწმებენ პაპილომავირუსის ინფექციაზე – უმრავლეს შემთხვევაში ეს ვირუსი დაავადებას არ იწვევს, განსაკუთრებით მამაკაცებში, თუმცა სქესობრივი გზით გადამდებია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრაზე ალაპარაკდა ინგლისიც, რომელიც ვაჟებსაც გეგმიურად ცრის აპვ-ის წინააღმდეგ და თავისი გეგმის შესრულებას 2040 წლამდე გეგმავს.

რა ხდება საქართველოში

საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად 2017 წელს შემოვიდა, კალენდრულ ვაქცინაციაში ჩართვა კი 2019 წელს მოხდა.

ვაქცინაციის ეროვნული კალენდარის მიხედვით აპვ ვაქცინაცია უტარდებათ 10, 11, 12 წლის როგორც გოგოებს, ისე ვაჟებს.

დროებით მოქმედი დამატებითი პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია სრულად ფინანსდება ვაჟებში 26, ხოლო გოგოებსა და ქალებში – 45 წლის ჩათვლით.

აპვ ვაქცინაციისთვის ყველაზე ეფექტურ ასაკად ითვლება 9-დან 14 წლამდე პერიოდი, როდესაც ყალიბდება ყველაზე მყარი და ეფექტური იმუნური პასუხი, რის გამოც თითქმის მთლიანად გამოირიცხება ინფიცირება. ამასთან, უმჯობესია ვაქცინაციის კურსი სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე დასრულდეს. თუმცა, ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს უფროსი ასაკის ადამიანებშიც.


  • პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ აჩვენა მაღალი ეფექტურობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაში.
  • მისი, ისევე როგორც სხვა ვაქცინების მოხმარება უსაფრთხოა.
  • ვაქცინაციით ვიცავთ არა მარტო ჩვენ თავს, არამედ ჩვენს გარშემომყოფებსა და პარტნიორებს ვირუსით ინფიცირებისგან.
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ადამიანის პაპილომავირუსის სახიფათო შტამების აღმოფხვრა შესაძლებელია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის ნაწილია.
  • ვაქცინაცია ჩვენი პირადი წვლილია სამომავლოდ ჯანმრთელი საზოგადოების შექმნაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია