TI საქართველო: არჩევნების მონიტორინგში აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია

Civil Georgia 2 თვის წინ 66
TI საქართველო: არჩევნების მონიტორინგში აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესში ჩართვის თაობაზე. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაქმნელი ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფების“ ფორმირების პროცესს უხელმძღვანელებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამოა სანქცირებული და რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.

„საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ზ. ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე-ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა“, – განაცხადა TI საქართველომ. „ეს იმას ნიშნავს, რომ „ხარება“ და მისი მონაწილეობით შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფები“ შეიძლება მოქმედებაში მოვიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო უბნების შორიახლოს ხალხი იქნება შეკრებილი, თუნდაც მშვიდობიანად“.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, „დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ“.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, „ტერიტორიული ჯგუფები“ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებში განთავსდებიან. ბრძანების მიხედვით, შსს-ს მიზანია უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში  „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ“ გარემოში ჩატარდეს. ბრძანებაში ასევე წერია, რომ ტერიტორიული ჯგუფის ხელმძღვანელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიმუშაოს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმა, რათა შეასრულოს ბრძანებით განსაზღვრული ამოცანები. ამასთან, ტერიტორიული ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს უსაფრთხოების გეგმას არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განლაგების მიზნით.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია