აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის მფლობელ კომპანია Alphabet-ს, სავარაუდოდ, ბიზნესის ნაწილის, კერძოდ, ბრაუზერ Chrome-ისა და ოპერაციული სისტემა Android-ის გაყიდვას მოსთხოვს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აგვისტოში აშშ-ის სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა, რომელიც ქვეყნის ინტერნეტ-ძიებების 90%-ს იკავებს, უკანონო მონოპოლიის შესაქმნელად და ნაგულისხმევი საძიებო სისტემის შესაქმნელად მილიარდობით დოლარი დახარჯა, რითაც ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია.
იუსტიციის დეპარტამენტი თვლის Chrome და Android ონლაინ-ძიებაზე მონოპოლიის შესანარჩუნებლად გამოიყენება.
პროკურორების განცხადებით, შეთავაზებული ზომები მიზნად ისახავს, რომ Google-ის ყოფილი დომინირება მისი ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ ბიზნესშიც არ გამეორდეს.
იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე, შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს, რომ Google-მა ახალ მოწყობილობებზე მისი საძიებო სისტემის დასაყენებლად ან ნაგულისხმევობისთვის თანხის გადახდა ვეღარ შეძლოს.
თავად Google სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და თავის ბლოგში წერს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის წინადადებები რადიკალურია და საქმის სამართლებრივ ჩარჩოს სცილდება.
იუსტიციის დეპარტამენტი უფრო დეტალურ წინადადებას სასამართლოში, სავარაუდოდ, 20 ნოემბრამდე წარადგენს, ხოლო 20 დეკემბრამდე Google-ს სიტუაციის გამოსასწორებლად საკუთარი ზომების შეთავაზების უფლება აქვს.
ბიზნესპრესნიუსი