2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო - იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე

Primetime.ge 4 საათი წინ 12
2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო - იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ეკონომიკური ზრდის არსებულ დადებით ტენდენციებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა.„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.2025 წლის იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.ვახტანგ ცინცაძე ასევე აქცენტს აკეთებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე - ბანკის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ზრდის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა - საქართველოს დაახლოებით 2.3-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს.„ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2024 წელს EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7.8%-ს ელოდებოდა, თუმცა, ფაქტობრივი მაჩვენებლებით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, წელს არაერთი ახალი ინიციატივა იქნება გაჟღერებული, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია