„ჩირიფრუტი“ ოქტომბერში პირველ ექსპორტს ამერიკაში განახორციელებს

News.ge 2 თვის წინ 32
„ჩირიფრუტი“ ოქტომბერში პირველ ექსპორტს ამერიკაში განახორციელებს

ტყლაპისა და ჩირის ქართული ბრენდი “ჩირიფრუტი” ოქტომბერში პირველ ექსპორტს ამერიკაში განახორციელებს. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” “ჩირიფრუტის” თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ამერიკაში 5 დასახელების პროდუქტს გაიტანს, მათ შორის, შოკოლადის სიგარას, კარამელის, შოკოლადისა და ტრადიციულ ჩურჩხელას.
“აქამდე გვქონდა ექსპორტის მცდელობები, მათ შორის, ინგლისში, თუმცა ასეთი ოფიციალური სახე არასდროს ჰქონია. ამერიკაში ექსპორტისთვის საკმაოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდა. გავაკეთეთ მათი კანონმდებლობის შესაბამისი ეტიკეტირებაც”, – აცხადებს სოფიო ჯიქია.
გარდა ამისა, “ჩირიფრუტს” არაბულ ქვეყნებში აქვს გაგზავნილი ნიმუშები და პასუხის მოლოდინშია. სოფია ჯიქიას თქმით, დაინტერესება არის და იმედს გამოთქვამს, რომ ექსპორტი აღნიშნული მიმართულებითაც განხორციელდება.
“ჩირიფრუტის” თანადამფუძნებლის თქმით, ჯერჯერობით უცნობია მათი წარმოების რამდენი პროცენტი გაიყიდება ექსპორტზე, რადგან ეს შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოას, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა. დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
bp.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია